ქალბატონებო და ბატონებო,

ძვირფასო მეგობრებო,

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის საპატიო მისიის შესრულება მაშინ დავიწყე, როდესაც გერმანული პოლიტიკის დღის წესრიგის მთავარი თემა საზოგადოებაში, პანდემიის პირობებში, ე.წ. სოციალური დისტანციის დაცვასთან ერთად, სოციალური სოლიდარობის უზრუნველყოფა იყო.

გლობალურმა კრიზისმა ცხადყო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სოციალურ-საბაზრო ეკონომიკისა და დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის მედეგობა, რაც მას ევროკავშირის, სამეზობლო-რეგიონულ და გლობალურ კონტექსტში დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოს, სოციალური სოლიდარობის განმტკიცების საქმეში უფრო მეტი პასუხისმგებლობით წარმოაჩენს.

დასახელებული პასუხისმგებლობის გამოხატულებაა ის თანადგომაც, რომელიც საქართველომ პანდემიის გავრცელებისა და მისი შეჩერების ეტაპზე გერმანიისგან, როგორც ორმხრივი, ისე ევროკავშირისგან დახმარების ფარგლებში მიიღო. ქართველი ხალხი განსაკუთრებით მადლიერია იმ მხარდაჭერისათვის, რომელიც გერმანიამ, სხვა მეგობარ სახელმწიფოებთან ერთად, ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენის დღიდან გაუწია საქართველოს ინსტიტუციური განვითარებისა და  თავისუფალ საზოგადოებათა სამყაროში ინტეგრაციის გზაზე.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ დღეს საქართველო ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში მოწინავე ქვეყანას წარმოადგენს კორუფციასთან ბრძოლის, ადამიანის უფლებების დაცვის, სიტყვის თავისუფლების, დემოკრატიის და ეკონომიკის მდგრადი განვითარების კუთხით.

ქართველ ხალხს უსამართლობასთან ბრძოლის დიდი ისტორიული გამოცდილება აქვს. ქვეყნის 20%-ის ოკუპაციის პირობებში ეს ბრძოლა დღესაც გრძელდება მხოლოდ მშვიდობიანი გზით და საერთაშორისო თანამეგობრობასთან საერთო ძალისხმევით. ამ ბრძოლაშიც საქართველოსთვის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა არის სამაგალითო, რომელმაც მოთმინებით, დემოკრატიულ სახელმწიფოს ჩამოყალიბებისათვის დაუღალავი შრომით, შეძლო ქვეყნის მშვიდობიანი გაერთიანება.

ამ სულისკვეთებით, ქართველი ხალხისთვის ქვეყნის მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარება  შეუქცევადი პროცესია. აღნიშნული პროცესის სტრატეგიულ მიზანს კი ევრო-ანტლანტიკურ ოჯახში საქართველოს სრულფასოვანი გაწევრიანება და ევროპული პასუხისმგებლობის გაზიარება წარმოადგენს. ჩვენი ქვეყნისთვის ევროპული პასუხისმგებლობა ნიშნავს გამოწვევებთან გამკლავებას სტრატეგიული პარტნიორობით, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ინსტიტუციური საფუძვლებით.  

მაქვს პატივი, როგორც ჩემი ქვეყნის ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში,  პირადი წვლილი შევიტანო ორ ქვეყანას შორის არსებული ტრადიციული ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებაში და ხელი შევუწყო  საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის გაძლიერების საქმეს.

ღრმა პატივისცემითა და საუკეთესო სურვილებით,

პროფ. ლევან იზორია