კულტურა და განათლება

ურთიერთობები კულტურის სფეროში ქართულ-გერმანული ურთიერთობების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს. კულტურული ურთიერთკავშირების გაღრმავება განსაკუთრებით საქართველოში გერმანელი კოლონისტების დასახლების შემდეგ დაიწყო, რადგან გერმანელი კოლონისტები იმ ადგილების ყოველდღიურ ცხოვრებაზე აქტიურად ახდენდნენ ზეგავლენას, სადაც დასახლდნენ. 1906 წელს საქართველოში დაარსდა კავკასიაში პირველი გერმანულენოვანი გაზეთი „კაუკაზიშე პოსტი“. საქართველოს პირველი რესპუბლიკის ოკუპაციის შემდგომ კულტურული კონტაქტები ქართველებს და გერმანელებს შორის შესუსტდა. ამ მხრივ ნეგატიური როლი შეასრულა სტალინისტურმა ტერორმა, რომლის ფარგლებშიც 1930-იანი წლებიდან საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები გერმანელების დიდი უმრავლესობა ან ცენტრალურ აზიაში გადაასახლეს ან კომუნისტურმა რეჟიმმა შეიწირა.

საბჭოთა კავშირის პერიოდში აღსანიშნავია პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება ქართულ და გერმანულ ქალაქებს შორის. საარბრიუკენის და თბილისის დამეგობრება პირველი მსგავსი სახის პარტნიორობა იყო საბჭოთა კავშირში და დასავლეთ გერმანიაში მდებარე ქალაქებს შორის. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდგომ  კულტურის სფეროში ქართულ-გერმანული ურთიერთობების სამართლებრივ საფუძველს კულტურული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება წარმოადგენს.

საქართველოში გერმანია წარმოდგენილია გოეთეს ინსტიტუტით, გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურით, უცხოეთში მდებარე გერმანული სკოლების საკოორდინაციო ცენტრით და პოლიტიკური ფონდებით (კონრად ადენაუერის, ფრიდრიხ ებერტის, ჰაინრიხ ბიოლის და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდები). გერმანული უმცირესობა საქართველოში ამჟამად 400 ადამიანს მოიცავს, რომლებსაც გააჩნიათ საკუთარი გაერთიანება „აინუნგი“. 2013 წელს საქართველოში დაარსდა გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირი. 2010 წლიდან თბილისში ფუნქციონირებს გერმანული საერთაშორისო სკოლა.

გერმანული ენა ინგლისურის შემდეგ ყველაზე გავრცელებული უცხო ენაა საქართველოში. იმ ქართველი სტუდენტებისთვის, რომლებიც უცხოეთში სწავლობენ, გერმანია ყველაზე პოპულარული ქვეყანა განათლების მისაღებად. გერმანიაში ამჟამად 2000-ზე მეტი ქართველი სტუდენტი სწავლობს და 70-ზე მეტი გერმანულ-ქართული კოოპერაცია არსებობს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის. საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კონტექსტში სულ უფრო მეტი გერმანელი სტუდენტი სტუმრობს საქართველოს. გერმანიაში აქტიურ მოღვაწეობას ეწევიან ქართული დიასპორული ორგანიზაციები, რომლებიც ინარჩუნებენ კავშირს სამშობლოსთან და აქტიურად ახდენენ საკვირაო სკოლების თუ კულტურული აქტივობების მეშვეობით ქართული კულტურის პოპულარიზაციას გერმანიაში.

ქართველებს და გერმანელებს შორის კულტურული სიახლოვის დონე სულ უფრო იზრდება. 2017 წელი საქართველოში გერმანელი კოლონისტების დასახლების 200-წლოვანი იუბილეს და დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის აღსანიშნავად გერმანულ-ქართული მეგობრობის წლად გამოცხადდა. 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის გამოფენაზე საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა (ანბანით მოთხრობილი საქართველო). წიგნის ბაზრობის ფარგლებში გერმანულად ითარგმნა 180-ზე მეტი ქართველი ავტორის ნამუშევრები და მოეწყო რამდენიმე ათეული ღონისძიება ქართულ ლიტერატურაზე და კულტურაზე.