4 ივლისს კონრად ადენაუერის სახელობის ფონდში გერმანულ-ქართული სტრატეგიული ფორუმი გაიმართა, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დაესწრო. მინისტრის განცხადებით, ურთიერთობის ის დონე, რომელიც გერმანიასთან არსებობს, თვისობრივად ახალ ურთიერთობებსა და მეტად ინტენსიურ დიალოგზე საუბრის საშუალებას იძლევა, როგორც პოლიტიკური, ისე თავდაცვის და უსაფრთხოების, ეკონომიკური და კულტურული მიმართულებით.

4.07.2018 ქ.ბერლინი – „ძალიან მნიშვნელოვანი იყო ვიზიტი, რომელიც დღეს დასრულდა ქართულ-გერმანული სტრატეგიული დიალოგის მეშვიდე შეხვედრით ადენაუერის ფონდში. ჩვენ კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ, რომ ჩვენს გერმანელ პარტნიორებთან გვაქვს სრული თანხვედრა  იმ პრიორიტეტებთან მიმართებაში, რაც არის განსაზღვრული საქართველოს საგარეო პოლიტიკის კუთხით.“-ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა,  გერმანიაში ვიზიტს შეფასებისას განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, ურთიერთობის ის დონე, რომელიც გერმანიასთან არსებობს იძლევა შესაძლებლობას, რომ ვისაუბროთ თვისობრივად ახალ ურთიერთობებზე და მეტ ინტენსიურ დიალოგზე როგორც პოლიტიკური, ისე თავდაცვის და უსაფრთხოების, ეკონომიკური და კულტურული მიმართულებით.

დავით ზალკალიანმა ასევე ხაზი გაუსვა მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობას, რასაც მისი განცხადებით, მომავალში აუცილებლად მოჰყვება  შესაბამისი  კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.
„გერმანელი პარტნიორები ძალიან აფასებენ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, რომელიც გვაქვს ევროპული და ევროატლანტიკური  ინტეგრაციის კუთხით, რისი დასტურიც იყო საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება  ახალ  პოლიტიკასთან დაკავშირებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან მიმართებაში. მან ახსენა, რომ საჭიროა ევროპამ და გერმანიამ უფრო მეტი შემხვედრი ნაბიჯები გადადგას  იმ ქვეყნების მიმართ, რომელებიც აღიარებენ ამ ევროპულ ფასეულობებს. ვფიქრობ, რომ მინისტრის სიტყვებს მომავალში მოჰყვება შესაბამისი კონკრეტული ნაბიჯები.“- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.