საქართველოს პრეზიდენტი ბერლინში ქართველ სტუდენტებს შეხვდა და მათ სწავლასთან და საქმიანობასთან დაკავშირებული პრობლემები მოისმინა. სტუდენტები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მიმდინარეობით და იმ გზავნილებით დაინტერესდნენ, რომელსაც საქართველოს დასავლელი პარტნიორებისაგან იღებს.
სტუდენტები ასევე დაინტერესდნენ განათლების მიმართულებით ევროკავშირის პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობების გაზრდით. შეხვედრაზე, რომელშიც საქართველოს განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილიც მონაწილეობდა, პრეზიდენტმა სტუდენტებს განათლების მიღების შემდეგ, სამშობლოში დაბრუნებისას არსებული პერსპექტივები გააცნო.

სტუდენტებთან შეხვედრის შემდგომ საქართველოს პრეზიდენტმა გერმანიაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა. პრეზიდენტმა მოკლედ შეაჯამა ის ვიზიტები, რომელიც საქართველოს პრეზიდენტად არჩევის შემდეგ გამართა ბრიუსელში, ავღანეთში, საფრანგეთში და გერმანიაში. 
პრეზიდენტმა დიასპორასთან ის საკითხები და პრობლემები განიხილა, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს აწუხებთ. მან ასევე ისაუბრა იმ პერსპექტივებზე, რომლებიც დიასპორის წარმომადგენლებს სამშობლოში დაბრუნებისას შეექმნებათ და ყურადღება გაამახვილა, ე.წ. ცირკულარულ მიგრაციის საკითხზე, რომელიც გარკვეული პროფესიების მქონე საქართველოს მოქალაქეებისათვის, გარკვეული დროით, საზღვარგარეთ ლეგალური დასაქმების უფლებით სარგებლობას გულისხმობს.