31. მაისს საქართველოს ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ელგუჯა ხოკრიშვილი შეხვდა გერმანიის ბუნდესტაგის საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის (IPS) სტიპენდიატებს. შეხვედრა გერმანიაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის ირინე ჩიხლაძის და ბუნდესტაგის საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის ქართველი მონაწილეების ორგანიზებით გერმანიის პარლამენტში გაიმართა. გერმანიის საპარლამენტო სტიპენდიის პროგრამას გერმანიის ბუნდესტაგი 1986 წლიდან მსოფლიოს 44 ქვეყანასთან თანამშრომლობის ფარგლებში ახორციელებს. პროგრამის ძირითად მიზნებია გერმანიას და მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება და დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობა.

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩს და ბუნდესტაგის სტიპენდიატებს შორის შეხვედრის თემას ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის გამოწვევები და პერსპექტივები წარმოადგენდა. ელგუჯა ხოკრიშვილმა სიტყვით გამოსვლისას შეაჯამა აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წელი და ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებზე. გერმანიაში საქართველოს ელჩის განცხადებით ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის უპირველეს პრიორიტეტს წარმოადგენს და საქართველო წარმატებით ახორციელებს ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში დასახულ რეფორმებს. ელჩის განცხადებით წარმატებული თანამშრომლობის მაგალითია ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება, შეთანხმებები თავისუფალი ვაჭრობის და უვიზო მიმოსვლის შესახებ.

ევროკავშირი ამ პერიოდის მანძილზე საქართველოს უმნიშვნელოვანეს სავაჭრო პარტნიორად ჩამოყალიბდა და ამოქმედების შემდგომ უვიზო მიმოსვლით 300.000-ზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა. სიტყვით გამოსვლისას ელგუჯა ხოკრიშვილმა ისაუბრა ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე ხელისშემშლელ ფაქტორებზე რუსული ოკუპაციის სახით. მცოცავი ოკუპაციის და ფაქტობრივი ანექსიის მეშვეობით რუსეთი ხელყოფს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ცდილობს ხელი შეუშალოს ქვეყნის ინტეგრაციას ნატოში და ევროკავშირში. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო პერსპექტივისთვის მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებით პარტნიორობის ასოცირებულ წევრებთან მიმართებაში უფრო აქტიურად მოხდეს პრინციპის – „მეტი მეტისთვის“ გამოყენება ცალკეული ქვეყნების მიერ მიღწეული წარმატებების მიხედვით.