1-2 ივლისს საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი ელგუჯა ხოკრიშვილი იმყოფებოდა ქვემო საქსონიის დედაქალაქ ჰანოვერში. ვიზიტის ფარგლებში ელჩმა გამართა შეხვედრა ჰანოვერის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტთან, ჰორსტ შრაგესთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. ხაზი გაესვა იმ პოტენციალს, რომელიც ქვემო საქსონიის მცირე და საშუალო ბიზნესთან ურთიერთობის გააქტიურების კუთხით არსებობს. ტურიზმის სფეროში პოზიტიურ ტენდენციაზე საუბრისას, ხაზი გაესვა, რომ შემოდგომიდან გერმანიის სხვადასხვა ქალაქებიდან თბილისში პირდაპირი ფრენების დანიშვნა ხელს შეუწყობს ტურისტების რიცხვის შემდგომ ზრდას. ჰანოვერის სავაჭრო პალატა, რომელიც 150 000-მდე კომპანიას აერთიანებს, შემოდგომაზე გეგმავს საელჩოსთან თანამშრომლობით უფრო ახლოს გააცნოს საქართველოს სავაჭრო და საინვესტიციო პოტენციალი წევრ კომპანიებს და ხელი შეუწყოს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებას.

იმავე დღეს გაიმართა შეხვედრა ჰანოვერის საქალაქო საბჭოს წევრთან და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან მიხაელ ვიხერტთან. საუბარი კულტურის სფეროში ურთიერთობების გაღრმავებას შეეხო, კონკრეტულად, განხილულ იქნა ქართველ ხელოვანთა რეგიონალურ ფესტივალებში მონაწილეობისა და ჰანოვერის მუზეუმებთან თანამშრომლობის საკითხი.

2 ივლისს საქართველოს ელჩი მიიღო ჰანოვერის მერის მოვალეობის შემსრულებელმა საბინე ტეგტმაიერ-დეტემ. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები, მათ შორის ეკონომიკური თანამშრომლობა, ასევე ქალაქების დამეგობრების თემა და ჰანოვერში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელშეწყობა.

შეხვედრა გაიმართა ასევე ქვემო საქსონიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის წევრთან ქეთი ლანგრერთან, რომელიც ჰანოვერის ქალთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილეა, ჰანოვერის ქრისტიან-დემოკრატული კავშირის აღმოსავლეთ და ცენტრალური გერმანიის გაერთიანების თავმჯდომარე და მრჩეველი ინტეგრაციის საკითხებში. საუბარი შეეხო ქართულ-გერმანული ორმხრივი ურთიერთობის შემდგომ გაღრმავებას და იმ კონკრეტულ მიმართულებებს, რომელშიც ქალბატონ ლანგრერს აქტიური წვლილის შეტანა შეუძლია.

ამავე დღეს შედგა შეხვედრა ქვემო საქსონიის ლანდთაგის ქრისტიან-დემოკრატიული ფრაქციის თავმჯდომარესთან დირკ ტოფფერთან. მხარეებმა განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო მიმართულებები. პარლამენტარმა გამოხატა მზადყოფნა ხელი შეუწყოს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის შემდგომ გაღრმავებას, ასევე საქართველოში გერმანელი ტურისტების მოზიდვას. ამავე თემებს ეხებოდა შეხვედრა ქვემო საქსონიის ეკონომიკის მინისტრის სახელმწიფო მდივანთან ბერენდ ლინდნერთან. სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა მისი უწყების დაინტერესებას, ხელი შეუწყოს ქვემო საქსონიის ბიზნეს სექტორის ქართულ მხარესთან თანამშრომლობას და ამ მიზნით შესაბამისი შეხვედრებისა თუ ვიზიტების ორგანიზებას.