მიმდინარე წლის 8 აგვისტოს ქალაქ ბერლინში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში საქართველო-რუსეთის ომის 11 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო თომა ჩაგელიშვილის ფილმი „მე არ გადავკვეთე საზღვარი, საზღვარმა გადამკვეთა მე“. 
ფილმის ჩვენებამდე სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში – ელგუჯა ხოკრიშვილმა, რომელმაც ყურადღება გაამახვილა რუსეთის ფედერაციის მიერ ქართული ტერიტორიების ოკუპაციაზე და იმ ფაქტზე, რომ რუსეთი აგრძელებს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების უგულვებელყოფას. გერმანიაში საქართველოს ელჩმა ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე და რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევაზე და შეუსრულებაზე. რუსეთის ფედერაციას არ შეუსრულებია 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და ოკუპაციის პროცესის მეშვეობით ხელს უშლის უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში.
ელგუჯა ხოკრიშვილმა ღონისძიებაზე მყოფ სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდა 7 აგვისტოს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს საოკუპაციო ძალების მხრიდან ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესის განახლების შესახებ. გერმანიაში საქართველოს ელჩმა რუსეთის მიერ ქართული ტერიტორიების ოკუპაციის საკითხთან მიმართებაში ხაზი გაუსვა პარტნიორი ქვეყნების ერთიანი და პრინციპული პოზიციის მნიშვნელობას საქართველოსთვის და მადლობა გადაუხადა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, მათ შორის პოლონეთის და უკრაინის ელჩებს, სხვა დამსწრე სტუმრებს და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის. 
საქართველოს საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გამოხატავს ღრმა მწუხარებასა და პატივისცემას საქართველოს მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული ოჯახების მიმართ. 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაშისაქართველოს საელჩოს შენობაზე დაშვებულია საქართველოს სახელმწიფო დროშა.