23–26 სექტემბერს ბერლინში ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავას და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის მონაწილეობით. ვიზიტის მთავარ მიზანს წარმოადგენდა გერმანიის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონტაქტების გაღრმავება და საქართველოსთვის პრიორიტეტული მნიშვნელობის საკითხებთან დაკავშირებით გერმანული მხარის მხარდაჭერის კონსოლიდაცია.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ბუნდესტაგის დეპუტატებთან: ალბერტ ვაილერი (CDU) – სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილე; იურგენ ჰარდტი – CDU/CSU ფრაქციის საგარეო პოლიტიკური სპიკერი; მატერნ ფონ მარშალი (CDU) – აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე მომხსენებელი ევროკავშირის საკითხთა კომიტეტში; ანდრეას ნიკი (CDU) ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გერმანიის დელეგაციის ხელმძღვანელი, მანუელ სარაცინი (მწვანეთა პარტია) – ევროკავშირის საკითხთა და საგარეო კომიტეტების წევრი, პარტიის მომხსენებელი აღმოსავლეთ ევროპის პოლიტიკის საკითხებზე; მარკუს კოობი (CDU) საგარეო კომიტეტის წევრი. შეხვედრები ასევე შედგა საგარეო საქმეთა სამინისტროში აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების სპეციალურ წარმომადგენელთან მიხაელ ზიბერტთან, ფედერალური კანცლერის აპარატის საგარეო, უსაფრთხოებისა და განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან ქრისტინა ბაინჰოფთან და გერმანიის საგარეო პოლიტიკის საზოგადოების წარმომადგენელთან ქრისტინა გერასიმოვთან. დეპუტატების ვიზიტი განხორციელდა კონრად ადენაუერის ფონდის რეგიონული ოფისის მხარდაჭერით.
შეხვედრებისას განხილულ იქნა საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალური საკითხები – საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და რუსეთის უკანონო ქმედებები, საქართველოში მიმდინარე და განხორციელებული საკონსტიტუციო და საარჩევნო სისტემის რეფორმები, საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი და სამომავლო ხედვები როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის, ასევე ევროკავშირთან ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში. გერმანული მხრიდან ხაზი გაესვა, რომ ევროკავშირის საბჭოს გერმანიის მომავალი თავმჯდომარეობისას აღმოსავლეთ პარტნიორობა ერთ-ერთი მთავარ პრიორიტეტად რჩება და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.