გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში 6-დან 8 ოქტომბრამდე  საქართველოს მეუღლესთან, ელკე ბიუდენბენდერთან ერთად სტუმრობს. გასულ წელს გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტის გათვალისწინებით, გერმანიის პრეზიდენტის ვიზიტი ქართულ-გერმანული ურთიერთობების განვითარების პროცესის პოზიტიურ დინამიკას ასახავს. 1996 წლის შემდგომ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გერმანიის პირველი პრეზიდენტია, რომელიც საქართველოს ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი  ქვეყნის პირველ პირებს და ასევე პოლიტიკის, ეკონომიკის და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.

6 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს უმასპინძლა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის ფრანკ- ვალტერ შტაინმაიერის დახვედრის ოფიციალურ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

7 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის შეხვედრისას,  საქართველოს და გერმანიის პრეზიდენტებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, ევროკავშირთან სექტორული თანამშრომლობა და ცირკულარული მიგრაციის ხელშეწყობა განიხილეს. შეხვედრისას მხარეებმა ასევე განიხილეს კულტურისა და განათლების სფეროში ურთიერთობების გაღრმავებისა და განვითარების საკითხები და პროფესიული განათლების სფეროში თანამშრომლობის მიმართულებები.

საქართველოს პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას და გერმანიის პრეზიდენტს შორის შეხვედრის ძირითად თემებს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და ორმხრივი ქართულ-გერმანული ურთიერთობები წარმოადგენდა. „საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გერმანიის მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და თქვენი ოფიციალური ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს“ განაცხადა გიორგი გახარიამ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრისას. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე და დასავლელი პარტნიორების მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებული მოვლენების მაღალ დონეზე დაყენების აუცილებლობაზე. საუბრისას, ხაზი გაესვა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებით აღნიშნა  გერმანელი ექსპერტების როლი ნატო-საქართველოს არსებით პაკეტის განხორციელების პროცესში.

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შეხვედრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ  და გერმანიის პრეზიდენტმა ორმხრივი, გერმანულ-ქართული ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე ისაუბრეს. არჩილ თალაკვაძემ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს საქართველოს პარლამენტის ინსტიტუციური გაძლიერების პროცესზე და გეგმებზე მიაწოდა ინფორმაცია.

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ოფიციალური ვიზიტის ნაწილს შეადგენდა ბიზნესის წარმომადგენლებთან  შეხვედრა. ქართულ-გერმანული ბიზნეს-შეხვედრის ფარგლებში გერმანიის პრეზიდენტი საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნატია თურნავას და გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წევრ ქართულ და გერმანული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გაეცნო ქართულ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს და რეფორმებს. გერმანიის პრეზიდენტის დელეგაციაში შედის მაღალი რანგის დელეგაციის წევრები ბიზნეს სექტორიდან, რომელსაც გერმანიის სამთავრობო საპარლამენტო მდივანი, თომას ბარაისი ხელმძღვანელობს. ბიზნეს-დელეგაციის წევრები არიან: კომპანია HHLA (ჰამბურგის პორტი) და მისი ხელმძღვანელი, ფილიპ სვეენსი, საერთაშორისო კონცერნის Giesecke + Devrient Currency Technology GmbH ვიცე-პრეზიდენტი, ანდრეას რეშმაიაერი, კონცერნის Solana GmbH & Co. KG დირექტორი, ტორსტენ შპილი, გერმანიის ტურიზმის გაერთიანების Der Deutsche Reiseverband, პრეზიდენტი, ნორბერტ ფიბიგი და კომპანიის Caisley International GmbH მფლობელი, რაინჰარდ ნელსი.

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი მეუღლესთან ერთად დღის დასასრულს გმირთა მოედანს ეწვია და საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. შესრულდა საქართველოსა და გერმანიის ჰიმნები. დღის მეორე ნახევარში გერმანიის პრეზიდენტი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს შეხვდება. შემდეგ კი სტუმარი კახეთში გაემგზავრება, სადაც სახელმწიფო ვახშამი გაიმართება.