“დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ოცი პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ და ყოველდღიურად, ჩვენ მოწმეები ვართ, თუ როგორ ყოფს მავთულხლართები ოჯახებსა და მათ საკუთრებას, გერმანელი ხალხის დაუღალავი სწრაფვა გაერთიანებისკენ, ჩვენთვის შთაგონების წყაროა“- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გერმანელ კოლეგასთან ჰაიკო მაასთან შეხვედრის დროს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

“ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი სიტუაცია ჩვენი ყოველდღიური ზრუნვის საგანია. იქ ადგილი აქვს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას. მავთულხლართების გაბმა ოცდამეერთე საუკუნეში არის მიუღებელი და მაშინ როდესაც ჩვენი შეხვედრა მიმდინარეობს, უდანაშაულო ადამიანები, მათ შორის ქართველი ექიმი, უკვე რამდენიმე კვირის განმავლობაში უკანონო ტყვეობაში გახლავთ. ჩვენ უშედეგოდ ვცდილობთ მის გამოხსნას. ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების განსაკუთრებული მხარდაჭერა და აღნიშნული სიტუაციის მკაფიო შეფასება.”

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰაიკო მაასის განცხადებით, გერმანია მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს აქტიურ მხარდაჭერასა და დახმარებას, რადგან იგი გერმანიის სანდო და ღირებული პარტნიორია ევროპაში. ამის შესახებ ჰაიკო მაასმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან ბერლინში გამართული ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

“გერმანიის ურთიერთობები საქართველოსთან ძალიან მჭიდრო და ნდობით აღსავსეა. საქართველოს ძალიან დიდი წვლილი აქვს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობაში.საქართველო არის ჩვენი სანდო, სტაბილური და ღირებული პარტნიორი ევროპაში.

ამიტომაც ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ინიციატივას ევროპული ინტეგრაციის შესახებ და გვინდა, რომ საქართველოში ადამიანებმა იგრძნონ ევროპაში ინტეგრაციის ეს შედეგები. გვსურს პირველ რიგში გავაძლიეროთ თანამშრომლობა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში, იმისთვის, რომ იგი ხელშესახები იყოს მოქალაქეებისთვის. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ საქართველოს ხმარდაჭერას და დახმარებას”- განაცხადა ჰაიკო მაასმა. მან ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ შექმნილი მძიმე ვითარების მიუღებლობაზე და აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებები უნდა დასრულდეს.