3 დეკემბერს გერმანიაში საქართველოს საელჩოსა და კონრად ადენაუერის ფონდის რეგიონული პროგრამის – „სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური დიალოგი” ერთობლივ ღონისძიებათა სერიის – „ფოკუსი საქართველოზე“ ფარგლებში რიგით მეორე ღონისძიება გაიმართა. პროექტის მიზანია საქართველოს შესახებ ცნობადობის გაზრდა, და საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი თემებზე დისკუსიების გააქტიურება გერმანიის სამეცნიერო, ექსპერტული და პოლიტიკური წრეების წარმომადგენელთა მონაწილეობით.

3 დეკემბრის ღონისძიება სახელწოდებით „What’s in for us? Georgia and EU Membership” საქართველოს საელჩოში, ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტთან (Freie Universität Berlin) თანამშრომლობით გაიმართა. ღონისძიება გახსნეს გერმანიაში საქართველოს ელჩმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა და კონრად ადენაუერის ფონდის რეგიონულ პროგრამის – „სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური დიალოგი” ხელმძღვანელმა, თომას შრაპელმა. პანელის სტუმრები იყვნენ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე – ვახტანგ მახარობლიშვილი, პროფესორი ტანია ბიორზელი (ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი), პროფესორი დავით აფრასიძე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი), ვიქტორია პალმი (ევროპის პოლიტიკის ინსტიტუტი, ბერლინი) და პროფესორი თომას რისე (ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი). დისკუსიას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის, პოლიტიკური პარტიების, ანალიტიკური ინსტიტუტების და აკადემიურ წრეების წარმომადგენლები.

დისკუსია წარიმართა შემდეგი შეკითხვების ირგვლივ: როგორ ვითარდება ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირს და საქართველოს შორის? რა მოლოდინები აქვს საქართველოს ევროკავშირთან მიმართებაში და პირიქით? როგორ შეუძლია ევროკავშირს დახმარება გაუწიოს საქართველოს გარე საფრთხეებთან მიმართებაში საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი მედეგობის გაძლიერებისას? დისკუსიის დასრულების შემდგომ დამსწრე სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ შეკითხვები.