15 იანვარს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და კონრად ადენაუერის ფონდის რეგიონული პროგრამის– „სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური დიალოგი” ერთობლივ ღონისძიებათა სერიის – „ფოკუსი საქართველოზე“ ფარგლებში რიგით მესამე ღონისძიება „გერმანულ-ქართული ურთიერთობები 100 წლის წინ და ამჟამად“ გაიმართა. პროექტის მიზანია საქართველოს შესახებ ცნობადობის გაზრდა და საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან თემებზე დისკუსიის გააქტიურება გერმანიის სამეცნიერო, ექსპერტული და პოლიტიკური წრეების წარმომადგენელთა მონაწილეობით.

ღონისძიება Literaturhaus Berlin-ში გერმანიაში
საქართველოს ელჩმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა და კონრად ადენაუერის ფონდის რეგიონულ პროგრამის – „სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური დიალოგი” წარმომადგენელმა გიორგი ბუტიკაშვილმა გახსნეს.

ღონისძიების პირველ ნაწილში მოხდა გერმანიაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით გამოცემული წიგნის „გერმანია და საქართველო. ოფიციალური ურთიერთობების ისტორია“ პრეზენტაცია. წიგნი მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში, განსაკუთრებით კი პირველი ქართული დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის პერიოდში, გერმანულ-ქართულ ურთიერთობებს მიმოიხილავს. წიგნი ასევე მოიცავს აღნიშნული პერიოდის მნიშვნელოვან დოკუმენტებს სხვადასხვა არქივებიდან. წიგნის პრეზენტაციაში მონაწილეობდნენ საელჩოს წარმომადგენელი მიხეილ სარჯველაძე და წიგნის ავტორები, მათიას დორნფელდტი და ენრიკო ზეევალდი, რომლებიც დიპლომატიის ისტორიას იკვლევენ.

ღონისძიების მეორე ნაწილი, რომელსაც საჯარო დისკუსიის ფორმატი ჰქონდა, გერმანიას საქართველოს შორის მიმდინარე ურთიერთობებს და აქტუალურ გამოწვევებს მიეძღვნა. საჯარო დისკუსიას უძღვებოდა მათიას დორნფელდტი, დისკუსიაში კი მონაწილეობდნენ გერმანიაში საქართველოს ელჩი -ელგუჯა ხოკრიშვილი, გერმანიის პარლამენტის და საგარეო კომიტეტის წევრი – მატერნ ფონ მარშალი, ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი – ლაშა ბაქრაძე და იენის უნივერსიტეტის მკვლევარი – ბიძინა ლებანიძე. დისკუსია წარიმართა შემდეგი შეკითხვების ირგვლივ: როგორ ვითარდება ორმხრივი ურთიერთობები გერმანიას და საქართველოს შორის? რა მოლოდინები აქვს საქართველოს გერმანიასთან და პირიქით, გერმანიას საქართველოსთან მიმართებაში? რა სახის გამოწვევები არსებობს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში?

გერმანიაში საქართველოს ელჩმა ელგუჯა ხოკრიშვილმა დისკუსიაში მონაწილეობისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს და გერმანიას შორის ორმხრივი ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკაზე. ელგუჯა ხოკრიშვილმა ასევე აღნიშნა, საჭიროა დინამიური ორმხრივი ურთიერთობები გარდაისახოს თანმიმდევრული სტრუქტურული დიალოგის ფორმატში. ელგუჯა ხოკრიშვილმა ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტზე – ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციაზე და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებულ ვითარებაზე.
დისკუსიის დასრულების შემდგომ დამსწრე სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ შეკითხვები დისკუსიის მონაწილეებისთვის.