8 ივნისს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევან იზორიამ გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის რწმუნებათა სიგელები გადასცა.

სიგელების გადაცემის ცერემონიის დასრულების შემდეგ გაიმართა საქართველოს ელჩისა და გერმანიის პრეზიდენტის გაცნობითი სახის შეხვედრა, რომლის დროსაც განხილულ იქნა ასევე მიმდინარე პოლიტიკური თემები. ხაზი გაესვა საქართველო-გერმანიას შორის ტრადიციულ მჭიდრო ურთიერთობას და წარმატებული თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივებს.

გერმანიის პრეზიდენტი დაინტერესდა კორონავირუსის (Covid-19) პანდემიის პირობებში საქართველოში წარმოქმნილი სირთულეებით და კრიზისიდან გამოსვლის სამომავლო გეგმებით, აღინიშნა რთულ ვითარებაში გერმანიის მხრიდან გაწეული დახმარება და საქართველოს წარმატება პანდემიასთან ბრძოლის პროცესში. მხარეებმა ასევე ისაუბრეს პანდემიის შედეგად დაზარალებული ეკონომიკისა და ტურიზმის სექტორის მხარდაჭერაზე.

ელჩმა მადლობა გადაუხადა ფედერალურ პრეზიდენტს, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში გერმანიის ურყევი მხარდაჭერისათვის, როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე.

შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა პანდემიის ფონზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებაზე და საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. „ბორდერიზაციის“ უკანონო პროცესის გააქტიურებაზე. აღნიშნა, რომ მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვა გრძელდება ორივე ოკუპირებული რეგიონის მიმართულებით.

საუბრის ბოლოს, გერმანიის პრეზიდენტმა ქართველ დიპლომატს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. აკრედიტაციის ოფიციალური ცერემონიის დასასრულ, ბელვიუს სასახლის ეზოში საქართველოსა და გერმანიის ეროვნული ჰიმნების შესრულების ფონზე, აღმართულ იქნა ორი ქვეყნის დროშები.