24 ივნისს გერმანიაში საქართველოს ელჩმა ლევან იზორიამ ონლაინ ფორმატში გაცნობითი შეხვედრა გამართა ევროპის პოლიტიკის ინსტიტუტის (IEP) დირექტორთან კატრინ ბოტგერთან. ევროპის პოლიტიკის ინსტიტუტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გერმანული ანალიტიკური ინსტიტუტია, რომელიც ევროპული ინტეგრაციის პროცესზეა ფოკუსირებული და ევროპული პოლიტიკის და ინტეგრაციის აქტუალურ ტენდენციებს იკვლევს. ინსტიტუტი აქტიურად თანამშრომლობს სამოქალაქო საზოგადოებასთან, უნივერსიტეტებთან პოლიტიკურ და ეკონომიკურ წრეებთან, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.

ლევან იზორიამ და კატრინ ბოტგერმა განიხილეს ქართულ-გერმანული ურთიერთობების დინამიკა, ევროპული ინტეგრაციის პროცესის და აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხები, ისევე როგორც საქართველოს მოლოდინები გერმანიის მიერ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობასთან მიმართებაში.