მ.წ. 26 ივნისს საქართველოს საელჩოში გაიმართა გაცნობითი შეხვედრა საქართველოს ელჩს ლევან იზორიასა და ევროპარლამენტის დეპუტატს ვიოლა ფონ კრამონს შორის.

ელჩმა მადლობა გადაუხადა დეპუტატს საქართველოს მიმართ ინტერესისა და აქტიური მხარდაჭერისათვის როგორც საჯარო განცხადებებში, ისევე საპარლამენტო საქმიანობაში. ელჩმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა მის პოზიტიურ წვლილს საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში. ელჩმა აღნიშნა, რომ ქართული მხარე მოხარული და მადლიერია, რომ ვიოლა ფონ კრამონის სახით ევროპარლამენტში საქართველოს მეგობარი და გულშემატკივარი პოლიტიკოსი ეგულება.

ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ მოხარულია შედეგებით, რომელიც 8 მარტის შეთანხმებამ გამოიღო, ხაზი გაუსვა, რომ ეს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში სრულიად განსაკუთრებული მომენტია და დააფიქსირა, რომ სასურველი იქნებოდა კენჭის ყრის პროცესში ყველა მხარეს მიეღო მონაწილეობა.

შეხვედრისას დეპუტატმა პოზიტიურად შეაფასა კოვიდ პანდემიასთან ბრძოლის კუთხით საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული სწორი და დროული ნაბიჯები, რომელმაც ინსტიტუტების სიმტკიცე აჩვენა.
დეპუტატმა ხაზი გაუსვა, რომ აქტიურად გააგრძელებს ევროპარლამენტის ფარგლებში საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის, ისევე როგორც ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას და მოხარული იქნება მჭიდროდ ითანამშრომლოს საელჩოსთან ამ და სხვა აქტუალურ თემებთან დაკავშირებით.