მ.წ. 27-28 ივნისს საქართველოს ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლევან იზორია ვიზიტით იმყოფებოდა ქ. მიუნხენში.

ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა.
27 ივნისს ლევან იზორიამ გაცნობითი სახის შეხვედრა გამართა გერმანიაში საქართველოს საპატიო კონსულთან კლაუს ჰიპთან.

28 ივნისს ელჩი დაესწრო ქ. მიუნხენის ქართულ მართმადიდებლურ ეკლესიაში გამართულ წირვას. წირვის დასასრულს ლევან იზორიას შესაძლებლობა ჰქონდა მიემართა იქ მყოფი ქართული დიასპორის წარმომადგენლებისთვის და გასაუბრებოდა მათ.

წირვის შემდგომ, საელჩოსა და ქ. მიუნხენის ქართული სათვისტომოს ორგანიზებით, გაიმართა ბავარიის და ბადენ-ვიუტემბერგის ფედერალურ მიწებზე არსებული დიასპორის ორგანიზაციების და საკვირაო სკოლების ხელმძღვანელების შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდნენ ქ. მიუნხენის, ქ. შტუტგარტის, ქ. ნიურნბერგის, ქ. რეგენსბურგის და ქ. კარლსრუეს დიასპორის ორგანიზაციის ხელმძღვანელები. შეხვედრა მიმდინარეობდა 2 საათი და განხილულ იქნა არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის პრობლემური საკითხები, სამომავლო ერთობლივი გეგმები, აღინიშნა თანამშრომლობის გაძლიერების და მსგავსი ფორმატით შეხვედრების აუცილებლობა, ხაზი გაესვა ქართულ/გერმანული ფორუმის ჩამოყალიბების საკითხს და ამ ფორუმში დიასპორის ორგანიზაციების ჩართულობას.

დიასპორასთან შეხვედროს შემდგომ, საელჩოსა და ახალგაზრდული გაერთიანების “ქართველი ახალგაზრდები გერმანიაში“ თანა-ორგანიზებით შედგა ელჩის შეხვედრა ქ. მიუნხენში მყოფ ქართველ სტუდენტებთან. შეხვედრაზე ელჩმა ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ მიზნებსა და გერმანიასთან მიმართებაში სტრატეგიაზე, აღინიშნა ახალგაზრდების მნიშვნელოვანი როლი, რომლებმაც განათლება გერმანიაში მიიღეს და მათი სამშობლოში დაბრუნების ხელშეწყობისა და სამომავლო პერსპექტივების მნიშვნელობა, გაჟღერდა ქართველი და გერმანელი ახალგაზრდების თანამშრომლობის ფორმატისა და ამ ორ ჯგუფს შორის სამეგობრო ქსელის შექმნის საკითხი. ხაზი გაესვა სამომავლო შეხვედრების ორგანიზებისა და ახალგაზრდულ გაერთიანებასთან თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.

ვიზიტის ფარგლებში ლევან იზორია ეწვია ქ. მიუნხენში არსებულ საფეხბურთო გუნდის „ FC Georgia in München“ და დაესწრო მათ ვარჯიშის. ვარჯიშის შემდგომ გაიმართა გაცნობითი შეხვედრა გუნდის წევრებთან.