15 ივლისს გერმანიაში საქართველოს ელჩს ლევან იზორიას და აღმოსავლეთ ევროპის გერმანული საზოგადოების (Deutsche Gesellschaft für Osteuropakunde) პრეზიდენტს რუპრეხტ პოლენცს შორის გაცნობითი ხასიათის სატელეფონო საუბარი შედგა. რუპრეხტ პოლენცთან სატელეფონო საუბრამდე ორი დღით ადრე საქართველოს საელჩოში შეხვედრა გაიმართა ლევან იზორიას და აღმოსავლეთ ევროპის გერმანული საზოგადოების ადმინისტრაციის ხელმძღვანელს გაბრიელე ფრაიტაგს შორის. აღმოსავლეთ ევროპის გერმანული საზოგადოება გერმანულენოვან სივრცეში სხვადასხვა სამეცნიერო დისციპლინის წარმომადგენელ მკვლევართა ყველაზე დიდ ქსელს აერთიანებს, რომელიც აღმოსავლეთ ევროპასთან დაკავშირებულ თემებს იკვლევს.

რუპრეხტ პოლენცთან და გაბრიელე ფრაიტაგთან საუბრის ძირითად საკითხებს გერმანულენოვან აკადემიურ სივრცეში საქართველოსთან მიმართებაში არსებული ინტერესი, აღმოსავლეთ ევროპის გერმანული საზოგადოების საქმიანობა და თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვა წარმოადგენდა.