2020 წლის 5 აგვისტოს, გაერო-ს უშიშროების საბჭოში გამართულ დახურულ სხდომაზე, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი.

სხდომის ფარგლებში, უშიშროების საბჭოს წინაშე ანგარიშით წარსდგა გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, მიროსლავ იენჩა, რომელმაც საბჭოს წევრებს განახლებული ინფორმაცია მიაწოდა.

სხდომის დასრულების შემდგომ, უშიშროების საბჭოს ახლანდელი და მომავალი წევრების – ბელგიის, ესტონეთის, საფრანგეთის, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ის, ირლანდიისა და ნორვეგიის წარმომადგენლებმა სპეციალური განცხადება გააკეთეს.

ერთობლივ განცხადებაში, მხარეება აღნიშნეს, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტიდან 12 წლის შემდეგ, რუსეთი კვლავ აგრძელებს საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სამხედრო აღჭურვილობისა და სამხედრო პერსონალის განთავსებას.  ამასთან, რუსეთის მიერ ამ რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. აღნიშნული ქმედებები, ერთმანეთისგან უფრო აშორებს კონფლიქტით დაზარალებულ საზოგადოებებს, აფერხებს შერიგების პროცესს და რისკის ქვეშ აყენებს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, განსაკუთრებით COVID-19-ის პანდემიის პირობებში.

განცხადებაში, მხარეები უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამენ ე.წ.  „ბორდერიზაციის“ პროცესის ინტენსიფიკაციის გამო, რომელსაც ადგილი აქვს ბოლო წლებში, მათ შორის, გლობალური COVID-19-ის პანდემიის დროს. განცხადებაში, ასევე, შეშფოთებაა გამოთქმული იმ დეზინფორმაციის კამპანიაზე, რომელსაც რუსეთის ფედერაცია საქართველოში პანდემიისა და მისგან გამოწვეულ პრობლემებთან დაკავშირებით ეწევა. ამასთან, მხარეები შეშფოთებას გამოთქვამენ იმ ყალბ პროპაგანდაზე, რომელიც ლუგარის კვლევითი ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობის წინააღმდეგ არის მიმართული.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ქმედებები ახანგრძლივებს კონფლიქტს, საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას, ხელს უშლის ადამიანის უფლებებითა და ფუნდამენტური თავისუფლებებით სარგებლობას, უარყოფითად მოქმედებს საქართველოში მოსახლეობის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე და ახდენს მთელი რეგიონის დესტაბილიზაციას.

განცხადებაში გამოხატულია მხარდაჭერა ადამიანის უფლებების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობისადმი, მათ შორის იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვისა და საკუთარ სახლებში მათი უსაფრთხო, ნებაყოფლობითი, ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნების უფლების განხორციელებისადმი, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.

ბელგიის, ესტონეთის, საფრანგეთის, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ს, ირლანდიის და ნორვეგიის წარმომადგენლები მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და კიდევ ერთხელ მოუწოდებენ რუსეთს სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმება.