მიმდინარე წლის 23 თებერვალს, საქართველოს ელჩმა ლევან იზორიამ მონაწილეობა მიიღო სამუშაო შეხვედრაში ონლაინ ფორმატში გერმანიის საგარეო უწყების სპეციალურ წარმომადგენელთან აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებზე მიჰაელ ზიბერტთან, გერმანიაში აკრედიტებულ უკრაინისა და მოლდოვის ელჩებთან. შეხვედრის მთავარი თემა გახლდათ აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი და საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას, როგორც ასოცირებული პარტნიორების, ერთობლივი ინიციატივები და წინადადებები ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის შემდგომ გაძლიერებასა და ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის შესაძლებლობების გაზრდასთან დაკავშირებით. საუბარი შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არსებულ გამოწვევებს და სამი ქვეყნის ამბიციურ მიზნებს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. შეხვედრისას მოხდა აზრთა ურთიერთგაცვლა სამომავლო ხედვებისა და კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, რომელიც სამ ქვეყანას კიდევ უფრო დააახლოებს ევროკავშირთან.