მწერალთა სახლის ორგანიზებით, პროექტის „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი 2021“ ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციასთან თანამშრომლობით, 2021 წლის 20-24 ოქტომბერს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საინტერესო ლიტერატურული პროგრამით წარდგება.

წიგნის ბაზრობის გახსნის საზეიმო ცერემონიას დაესწრო საქართველოს ელჩი ლევან იზორია, რომელმაც ვიზიტის ფარგლებში არაერთი შეხვედრა გამართა გერმანიის საგამომცემლო სფეროს ისეთ მნიშვნელოვან წარმომადგენლებთან, რომლებიც გერმანულ ენაზე ბეჭდავენ აკა მორჩილაძის, დათო ტურაშვილის, ნინო ხარატიშვილის, ლაშა ბუღაძის, ანა კორძაიასა და სხვა ცნობილი, თანამედროვე ქართველი მწერლების ნაწარმოებებს. საელჩოში კი, საქართველოს მწერალთა სახლთან თანამშრომლობით, 2021-2022 წლის მანძილზე დაიგეგმა არაერთი საინტერესო ლიტერატურული საღამო.