საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლევან იზორიას საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის დეკრეტის საფუძველზე საპატიო ლეგიონის ეროვნული ორდენის რაინდის წოდება მიენიჭა.

საპატიო ლეგიონის ორდენი საფრანგეთის უმაღლეს ეროვნულ ჯილდოს წარმოადგენს და მას საფრანგეთის პრეზიდენტი უდიდესი სამხედრო და სამოქალაქო მიღწევებისთვის ანიჭებს. ლევან იზორიამ ეს უმაღლესი ჯილდო საქართველოს თავდაცვის მინისტრად მოღვაწეობის პერიოდში საფრანგეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაიმსახურა.

გთავაზობთ გერმანიაში საფრანგეთის ელჩის, ქალბატონი ანა-მარია დეკოტის სიტყვას:

“თქვენო აღმატებულებავ,

ღრმად პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო,

ხშირად მიწევს ამ დარბაზში სხვა ქვეყნების ელჩების მიღება. თუმცა ძალზე იშვიათად ხდება, როდესაც საფრანგეთის ორდენით ვაჯილდოვებ ჩემს კოლეგას, რომელიც ამავდროულად საკუთარი ქვეყნის ყოფილი თავდაცვის მინისტრია. აქედან გამომდინარე ჩემთვის უდიდესი პატივია, ღრმად პატივცემულო ბატონო ელჩო, დღეს მოგესალმოთ როგორც ჩვენს სტუმარს. გულითადად მოგესალმებით თქვენ და თქვენს სტუმრებს ამ საზეიმო ღონისძიებაზე, რომელიც შესაძლებლობას მაძლევს, განსაკუთრებულად შევეხო თქვენ დამსახურებებს საფრანგეთი საქართველოს მეგობრობის გაღრმავების საქმეში და გადმოგცეთ თქვენი ჯილდო.

როგორც უკვე გავაჟღერე, დღევანდელი შეხვედრის კონტექსტს ფრანგულ-ქართული მეგობრობა წარმოადგენს. თუმცა ის ფაქტი, რომ ჩვენს ორ ქვეყანას ერთმანეთთან ასეთი თბილი ურთიერთობები აკავშირებს, არ წარმოადგენს თავისთავად დამდგარ მოცემულობას. თქვენ, ძვირფასო ბატონო ლევან, გასული წლების განმავლობაში, პოლიტიკურ თანამდებობებზე მუშაობისას ამ მნიშვნელოვან პროცესში უდიდესი წვლილი შეიტანეთ. თუმცა, ვიდრე საქართველოში პოლიტიკურ თანამდებობებზე დაინიშნებოდით, თქვენ დაამთავრეთ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მაგისტრატურაში სწავლა გიოტინგენის უნივერსიტეტში განაგრძეთ, ამავე უნივერსიტეტში მოგენიჭათ დოქტორის ხარისხი. ამის შემდეგ განაგრძეთ საქმიანობა სამართალმცოდნეობის სფეროში საქართველოს რამდენიმე უნივერსიტეტსა და გიოტინგენში. ამასობაში ნაბიჯნაბიჯ იმყარებდით გერმანიის შესანიშნავი მცოდნის სახელს. კონრად ადენაუერის ფონდმა თქვენ სათანადოდ დაგაფასათ როგორც სამხრეთ კავკასიის შესანიშნავი ექსპერტი, იყავით რა 2003-2004 წლებში ფონდის წარმომადგენელი ხსენებულ რეგიონში. თუმცა 2007 წელს კვლავ დაბრუნდით გერმანიაში და 2009 წლამდე ახორციელებით კვლევით საქმიანობას შპაიერის საჯარო ადმინისტრაციის კვლევის ინსტიტუტში, ხოლო 2010-2011 წლებში იყავით მეცნიერ-მკვლევარი ჰაიდელბერგის საზღვარგარეთის ქვეყნების საჯარო სამართლისა და საერთაშორისო სამართლის მაქს-პლანკის ინსტიტუტში. პოლიტიკური თანამდებობების დაკავებას წინ უძღვოდა აკადემიური საქმიანობა საქართველოს არაერთ უნივერსიტეტში.

ძვირფასო ბატონო ლევან, თქვენი ბიოგრაფიის მოკლე გადახედვაც კი ჩვენ, ჭეშმარიტ ევროპელებს გულს სიხარულის გრძნობით გვივსებს. აშკარაა, რომ თქვენი პროფესიული ასპარეზის პირველ ეტაპზევე შესისხლხორცებული გქონდათ ევროპული სული: სამშობლოში სწავლის პერიოდი, მობილობის წლები, ისევე, როგორც თქვენი შემდგომი საქმიანობა გამოიყენეთ საერთაშორისო და ევროპის სამართალში თქვენი ექსპერტული ცოდნის ასამაღლებლად. ამასთან ერთგული დარჩით თქვენი სამშობლოსი და ოპტიმალურად შეძელით საქართველოში დაკავებული თანამდებობების ინტეგრირება საკუთარ კარიერაში. ეს ყოველივე მეტყველებს იმ გახსნილობაზე, რომელიც ევროპისთვის სწორედ დღეს ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. საქართველოს თავდაცვის მინისტრად მუშაობის წლებში თქვენი მეგობრობა ევროკავშირთან კიდევ ერთხელ ცხადად გამოიკვეთა. როდესაც 2016 წლის აგვისტოში აღნიშნული თანამდებობა ჩაიბარეთ, ქართველი სამხედროები უკვე ორი წლის განმავლობაში მსახურობდნენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სამხედროების გვერდიგვერდ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. ეს მნიშვნელოვანი საყრდენია რეგიონში ევროკავშირის მიერ წარმოებული ერთობლივი თავდაცვის და უსაფრთხოების პოლიტიკისთვის.თქვენი თავდაცვის მინისტრად ყოფნის პერიოდში ქართული კონტინგენტი სიდიდით მეორე იყო EUFOR-ის ოპერაციის ფარგლებში როგორც ჩადში, ისე, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. ამგვარად საფრანგეთს მიეცა თქვენთან და საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობა, რაც ჩვენ ძალიან გვახარებს. საქართველოს შეიარაღებული ძალები ასევე მონაწილეობდნენ ნატო-ს ავღანეთის მისიებში. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრ ჟან-ივ ლე დრიანთან თქვენ მალევე დაადასტურეთ საქართველოს მზადყოფნა, რომ თქვენი ქვეყანა როგორც ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორი შემდგომშიც მიიღებდა მონაწილეობას ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე მისიაში.დახმარების ამ დიდ მზაობას საფრანგეთი ძალიან აფასებდა და აფასებს. ეს ფაქტი, სულ უფრო სწრაფი გლობალიზაციის ფონზე, თქვენი ქვეყნის განსაკუთრებულ ევროპულ ორიენტაციაზე მიუთითებს.

ხსენებული გლობალიზაციის პროცესი სულ უფრო მეტ სფეროში ხდის საჭიროს როგორც პრაგმატული პარტნიორობის ჩამოყალიბებას, ისე ალიანსების შექმნას, რათა ევროპის კონტინენტზე უზრუნველყოფილ იქნას მშვიდობა და ერთობა. თქვენი თანამშრომლობა ჟან-ივ ლე დრიანთანთან საფრანგეთს განსაკუთრებით პოზიტიურად დარჩება მეხსიერებაში, რადგან თქვენ ნათლად დაგვანახეთ, რომ საქართველო დაინტერესებულია რეალური, თანასწორობის პრინციპზე დამყარებული პარტნიორობით. მათ შორის საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ სხვადასხვა საშუალებების შეძენა მისი ევროპელი პარტნიორებისგან მოხდა იმის ღრმა რწმენით, რომ აღნიშნული ნდობის ჟესტი, პროცესში ჩართული ყველა აქტორისთვის, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ევროპის კონტიტენტზე უსაფრთხოების სტაბილიზაციის საქმეში.

ევროკავშირთან თქვენი სიახლოვის წყალობით თქვენ საქართველო, ერთი მხრივ, 27 სახელმწიფოს ღირებულებებზე დამყარებულ ერთობას დაუახლოვეთ. მეორე მხრივ კი დააფიქსირეთ თქვენი ქვეყნის მზაობა, გემოქმედათ ამ დიდი თანამეგობრობის საჭიროებების შესაბამისად. ამ დროიდან მოყოლებული, ეს მიდგომა აყალიბებს ნდობაზე დაფუძნებულ სიტუაციას, რომელსაც საფრანგეთი ერთმნიშვნელოვნად მიესალმება. ის ნდობა, რომელიც ჩვენს ორ ქვეყანას ამ დროიდან მოყოლებული აკავშირებს მით უფრო ღირებულია იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო პერიოდში ჩვენი ევროპული ღირებულებები კვლავ და კვლავ ექცევა ნაციონალისტური და ანტიდემოკრატიული ტენდენციების დარტყმის ქვეშ.ძვირფასო ბატონო ლევან, ისეთი მჭიდრო, ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობები, რომლებიც საფრანგეთს საქართველოსთან აკავშირებს და ასეთი ნაყოფიერი ორმხრივი თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში თავისთავად არ ჩნდება. ეს ყოველივე წარმოადგენს იმ უწყვეტი დიალოგის და იმ აქტიური თანამშრომლობის შედეგს, რომლებიც თქვენ ჩამოაყალიბეთ და რის შენარჩუნებაზეც მუშაობთ. ამ კავშირების ღირებულება უაღრესად მაღალია. აქედან გამომდინარე, საფრანგეთი თქვენი ძალიან მადლიერია და ჩვენ მოხარული ვართ, რომ მომავალშიც მოგვეცემა თქვენს ქვეყანასთან და დიალოგში ჩართულ სამინისტროებთან და სახელმწიფო უწყებებთან ამ ურთიერთობების გაგრძელების შესაძლებლობა.

ნება მიბოძეთ, გადმოგცეთ საფრანგეთის რესპუბლიკის საპატიო ლეგიონის რაინდის ორდენი.”