ბუნდესტაგში გაიმართა საქართველოს ელჩის ლევან იზორიას შეხვედრა გერმანია-სამხრეთ კავკასიის მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარესთან, დეპუტატ იოჰან ვადეფულთან.

მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, რუსეთის აგრესიული თავდასხმა უკრაინაზე და მისგან გამომდინარე აქტუალური გეოპოლიტიკური გამოწვევები, ისევე როგორც ბუნდესტაგის სამხრეთ კავკასიასთან მეგობრობის ჯგუფის წევრ დეპუტატთა საქართველოში ვიზიტის შესაძლებლობა.

პარტია CDU-ს პოლიტიკოსმა ელჩს დაუდასტურა საქართველოს მხარდაჭერა ევროპულ გზაზე და მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები დასახეს.