2022 წლის 27-28 სექტემბერს ბერლინში, ევროპული ენების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩოში გაიმართა ორდღიანი ფესტივალი „საუბრები ლიტერატურის შესახებ“. მრავალფეროვანი პროგრამის ფარგლებში წიგნები წარადგინეს და საქართველოზე ისაუბრეს ქართველმა და გერმანელმა ავტორებმა, მხატვრებმა, მეცნიერებმა და გამომცემლებმა.

ფესტივალი გახსნა საქართველოს ელჩმა ლევან იზორიამ, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა სტუმრები და მიმოიხილა დიპლომატიური ურთიერთობების სხვადასხვა მიმართულებები.

პირველ საღამოს დიასპორული ორგანიზაცია „გეორგიკას“ წარმომადგენლებმა ჰანეს ვირთმა და ჰანს-გიუნთერ გრიგოლაიტმა წარადგინეს გამოცემა Deutschland und Georgien – Eine lange Liebe (საქართველო და გერმანია – დიდი ხნის სიყვარული) და ისაუბრეს ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობების ისტორიის შესახებ.

ცნობილმა გერმანელმა მხატვარმა კატ მენშიკმა წარადგინა კრებული სვანეთის შესახებ და მის მიერ გაფორმებული „ვეფხისტყაოსანი“. ლიტერატურულ საღამოს უძღვებოდა გამომცემლობა „გალიანის“ ხელმძღვანელი ვოლფგანგ ჰოერნერი, ხოლო მონაწილეობას იღებდნენ ხელოვნებათმცოდნე ბარბარა ვაიდლე და გამომცემელი შტეფან ვაიდლე, რომლების ერთობლივი მოგზაურობის შედეგადაც გაჩნდა იდეა ულამაზესი წიგნის შესახებ.

მეორე საღამოს ცნობილმა გერმანელმა ავტორმა რალფ შოკმა და პროფესორმა ალექსანდრე კარტოზიამ წარადგინეს გამოცემა Nach Kolchis: Faszination Georgien – Reiseimpressionen (კოლხასკენ: აღფრთოვანება საქართველოთი – მოგზაურის შთაბეჭდილებები).

პროგრამის დასასრულს კი გაიმართა შეხვედრა ქართველ მწერალთან – დათო ტურაშვილთან, რომელმაც გერმანელ გამომცემელთან – შტეფან ვაიდლესთან ერთად წარადგინა მისი რომანი „სხვა ამსტერდამი“.