30 ნოემბერი, 2022

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესთაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს მარი-აგნეს შტრაკ-ციმერმანს შეხვდა.


მხარეებმა ისაუბრეს რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე და მიმოიხილეს უკრაინის ომის შედეგები ევროპის კონტინენტისთვის.


პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოს პარლამენტის მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის განხორციელებაზე.


შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა მეტი სიცხადის აუცილებლობას საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე.


თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა ენერგოკრიზისზე ევროპაში და ხაზი გაუსვა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს.


მხარეები შეთანხმდნენ საპარლამენტო კომიტეტებს შორის კონტაქტების გააქტიურებაზე.


საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით ვიზიტის ფარგლებში გერმანიის დედაქალაქში მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს.


​დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ნიკოლოზ სამხარაძე, ანრი ოხანაშვილი, ლევან კობიაშვილი, ნინო იობაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი და ხათუნა სამნიძე შედიან.

დღეს ჩვენს დელეგაციას შეხვედრები გვქონდა ბუნდესთაგის პრეზიდენტ ბერბელ ბასთან, ევროპის საკითხთა, იურიდიულ საკითხთა, თავდაცვის კომიტეტების თავმჯდომარეებთან, ყველა შეხვედრაზე იგრძნობოდა მთავარი სულისკვეთება. ეს არის ის სულისკვეთება, რომელიც ჩვენმა მოსახლეობამ სულ ცოტა ხნის წინ, გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის მხრიდან მოისმინა, როდესაც მან თქვა, რომ ევროპა ეს უნდა იყოს სივრცე ლისაბონიდან თბილისამდე. ეს განწყობაა ბუნდესთაგის ყველა წარმომადგენელში და ყველა ფრაქციაში, რომ საქართველო არის ევროპის ნაწილი, ამიტომ საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში, ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად აღსრულდება“, – ამის შესახებ გერმანიაში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.


პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, შეხვედრებზე, რომელსაც საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია გერმანიის დედაქალაქში მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან მართავს, მასპინძელმა მხარემ დადებითად შეაფასა ევროკავშირის წევრობისკენ მიმართული საქართველოს ძალისხმევა და აღინიშნა, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.


ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზე, რომ მნიშვნელოვანია პოლიტიკური გადაწყვეტილება იყოს მტკიცე. მომავალ წელს, როდესაც საქმე შეეხება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებას. რაც შეეხება ტექნიკურ პარამეტრებს და სხვადასხვა კრიტერიუმებს რომელიც საჭირო არის სტატუსისთვის, ამ კრიტერიუმებს საქართველო, რა თქმა უნდა, აკმაყოფილებს, გვაქვს კიდევ 12 რეკომენდაცია, რომელზეც მიდის მუშაობა, ჩვენ ჩვენის მხრივ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ რაც შეიძლება მალე ეს მუშაობა დასრულდეს და შემდეგ უკვე გვქონდეს მოლოდინი, რომ ევროკავშირმა შეაფასოს ჩვენი სამუშაო და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.