საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ბერლინში, ძველი ქალაქის მმართველობის შენობის ისტორიულ დარბაზ „ბერენზაალში“ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიება გაიმართა, რომელიც მისასალმებელი სიტყვით საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ელგუჯა ხოკრიშვილმა გახსნა. 
საზეიმო საღამოს ესწრებოდნენ და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და გერმანიის სახელმწიფო მდივანმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაელ როთმა. 
საიუბილეო ღონისძიების მრავალრიცხოვან სტუმართა შორის იყვნენ გერმანიის ბუნდესტაგის წევრები, გერმანიის ფედერალური მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, კერძო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები, ისევე როგორც საქართველოს მრავალი მეგობარი და ქართული დიასპორის წარმომადგენლები. 
საღამო მუსიკალურად გააფორმა და მას განსაკუთრებული ხიბლი შესძინა ინგოლშტადტის ქართულმა კამერულმა ორკესტრმა, რომელმაც ევროპელი და ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები შეასრულა და აუდიტორიის მხურვალე აპლოდისმენტები დაიმსახურა.