2018 წლის ივლისსში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი გერმანიაში ვიზიტით იმყოფებოდა, თავდაპირველად მინისტრი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს თანამშრომლებს შეხვდა

ქართველ დიპლომატებთან შეხვედრაზე მინისტრმა აღნიშნა გერმანიაში მიმდინარე ვიზიტის მნიშვნელობა და ხაზი გაუსვა გერმანიის როლს საქართველოს საგარეო პოლიტიკური ამოცანების ეფექტური განხორციელებისათვის.

მინისტრი გერმანიის ფედერალური კანცლერის მრჩეველს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში იან ჰეკერს შეხვდა მხარეებმა ისაუბრეს გერმანია – საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებზე, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნატოს მოახლოებულ სამიტს და სამიტთან დაკავშირებით ქართული მხარის მოლოდინებს. აღინიშნა გერმანიის მხარდაჭერა და მისი მნიშვნელოვანი როლი საქართველოს ინტეგრაციულ მიზნებში

„თბილისში არა მარტო პარლამენტის წინ ფრიალებს, ქართული დროშის გვერდით, ევროკავშირის დროშა. ბევრ ქვეყანაში ეს ასე აღარ არის. ეს ლურჯი დროშა ყვითელი ვარსკვლავებით თბილისში ყველგან ჩანს და ეს ჩვენ განსაკუთრებით გვხარებს. ეს არის გარეგნული გამოხატულება იმისა, რასაც საქართველოში შინაგანად გრძნობენ. ამიტომაც ჩვენ ამას უფრო სწრაფად უნდა შევუსაბამოთ ჩვენი პოლიტიკა და ჩამოვაყალობოთ უკეთესი შეთავაზებები ისეთი ქვეყნებისთვის, როგორც საქართველოა. ჩვენ გვჭირდება ახალი აღმოსავლეთის პოლიტიკა,“ – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან შეხვედრისას მედიისთვის გაკეთებულ განცხადებაში.
მისივე განცხადებით, გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების კურსს და ამ გზაზე ერთ-ერთ საკვანძო მოვლენას საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მინიჭება წარმოადგენდა. „თქვენ საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმების ტემპი აიღეთ და ამ თვალსაზრისით რეგიონში წამყვანი ქვეყნის როლი იკისრეთ, ჩვენ, გერმანიას, გვინდა, რომ მომავალშიც მხარი დაგიჭიროთ,“ განაცხადა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

„საქართველო, რომ ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილია, ამას ცხადყოფს დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და ევროპასთან დაახლოების პროცესში უკვე მიღწეული თვალსაჩინო წარმატებები, რაც საყოველთაოდ დაფასებულია ჩვენი პარტნიორების, მათ შორის გერმანიის მიერ. გერმანიასთან ძალზე ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაკავშირებს ევროპული ინტეგრაციის კონტექსტში. ვაფასებთ გერმანიის მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფებებისადმი, განსაკუთრებით საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღების გადაწყვეტილებაში. დღეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები განსაკუთრებული დინამიზმით გამოირჩევა, რაც ჩვენი ევროპელი კოლეგების დიდი დამსახურებაა“– განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გერმანელ კოლეგასთან ჰაიკო მაასისთან გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე ბერლინში.

დავით ზალკალიანი ასევე გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს მართავდა გერმანიის ანალიტიკურ და კვლევით ცენტრებში.
ფრიდრიხ ებერტის პოლიტიკურ ფონდში სიტყვით გამოსვლის შემდეგ დავით ზალკალიანმა შეხვედრები გამართა კოერბერის კვლევითი ცენტრისა და მეცნიერებისა და პოლიტიკის ცენტრის წარმომადგენლებთან.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ასევე ჰქონდეს გერმანიის ანალიტიკური ცენტრების მხარდაჭერა, რომლებიც დიდ გავლენას ახდენენ შემდგომ გერმანიის მთავრობის პოზიციის ფორმირებაშიც მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით.

ქ. ბერლინში ვიზიტად მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ვოლფგანგ ჰელმიხთან, შეხვედრა გამართა.შეხვედრისას მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების არსებული დინამიკა და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები. განხილული იქნა შავი ზღვის უსაფრთხოება და სამეზობლო პოლიტიკა.
შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნატოს მოახლოებულ სამიტს და საქართველოს მოლოდინს.

„გერმანიის მთავრობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მხარდასაჭერად ფინანსურ დახმარებას ზრდის.“ – ამის შესახებ რუსეთთან, ცენტრალ აზიასთან და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან საზოგადოებრივი თანამშრომლობის ფედერალური მთავრობის კოორდინატორმა დირკ ვიზემ განაცხადა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ფრიდრიხ ებერტის ფონდის დისკუსიაში „საქართველო დასავლეთისკენ მიისწრაფის“.
მისი განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პრეზენტაციის შემდგომ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს მთავრობას აქვს მკაფიო ხედვა, მიიწევს დასავლეთისკენ და გერმანიის მთავრობა მხარს უჭერს საქართველოს ხედვასა და პერსპექტივებს.

საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ბერლინში, ძველი ქალაქის მმართველობის შენობის ისტორიულ დარბაზ „ბერენზაალში“ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიება გაიმართა, რომელიც მისასალმებელი სიტყვით საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ელგუჯა ხოკრიშვილმა გახსნა. 
საზეიმო საღამოს ესწრებოდნენ და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და გერმანიის სახელმწიფო მდივანმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაელ როთმა. 
საიუბილეო ღონისძიების მრავალრიცხოვან სტუმართა შორის იყვნენ გერმანიის ბუნდესტაგის წევრები, გერმანიის ფედერალური მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, კერძო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები, ისევე როგორც საქართველოს მრავალი მეგობარი და ქართული დიასპორის წარმომადგენლები. 
საღამო მუსიკალურად გააფორმა და მას განსაკუთრებული ხიბლი შესძინა ინგოლშტადტის ქართულმა კამერულმა ორკესტრმა, რომელმაც ევროპელი და ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები შეასრულა და აუდიტორიის მხურვალე აპლოდისმენტები დაიმსახურა.

ქ. ბერლინში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავთან დაკავშირებით სადღესასწაულო ღონისძიება გაიმართა.
მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის სახელმწიფო მინისტრმა მიხაილ როთმა.

მინისტრმა ბერლინში ვიზიტის ფარგლებში მონაწილება მიიღო ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში „საქართველო დასავლეთისკენ მიისწრაფვის“.
საკუთარ გამოსვლაში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გერმანელ ექსპერტებს და ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს გააცნო საქართველოს მთავრობის პრიორიტეტები, ის ხუთი მიმართულება, რომელიც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით განახლებული მინისტრთა კაბინეტის საქმიანობის მთავარ ხაზს წარმოადგენს. დავით ზალკალიანის განცხადებით აღსანიშნავია, რომ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაცია ევროპისა და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში. მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტები მიზნად ისახავს ინოვაციურ რეფორმებს ყველა მიმართულებით, და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებით მიღებული სიკეთეების რიგით მოქალაქეზე გავრცელებას.

კონრად ადენაუერის სახელობის ფონდში გერმანულ-ქართული სტრატეგიული ფორუმი გაიმართა, რომელსაც ზალკალიანი დაესწრო. მინისტრის განცხადებით, ურთიერთობის ის დონე, რომელიც გერმანიასთან არსებობს, თვისობრივად ახალ ურთიერთობებსა და მეტად ინტენსიურ დიალოგზე საუბრის საშუალებას იძლევა, როგორც პოლიტიკური, ისე თავდაცვის და უსაფრთხოების, ეკონომიკური და კულტურული მიმართულებით.

ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი გერმანიის ბუნდესტაგის სამხრეთ კავკასიის მეგობართა ჯგუფის წევრებს შეხვდა, რომელთაც მინისტრმა საქართველოს შესახებ ვრცელი და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. პარლამენტარებმა ხაზი გაუსვეს იმ შთამბეჭდავ პროგრესს, რომელსაც საქართველომ ქვეყნის ევროპული და დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით მიაღწია. ჯგუფის წევრების განცხადებით, საქართველო ბევრი მიმართულებით, უდავოდ, ლიდერია რეგიონში და მას განსაკუთრებული სიახლოვე აქვს ევროპასთან ადამიანის უფლებების, დემოკრატიის, ქვეყნის განვითარების და სხვა მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით.