5. ივნისს  ბერლინში, საქართველოს საელჩოში  აღმოსავლეთ პარტნიორობის ათი წლისთავთან დაკავშირებით გერმანული ანალიტიკური ინსტიტუტის Polis180-ის და გერმანიაში საქართველოს საელჩოს მიერ ერთობლივად ორგანიზებული ღონისძიება „აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წელი: შემდეგი თაობა?“ გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ელგუჯა ხოკრიშვილი, Polis180-ის პრეზიდენტი სონია შიფერსი, Polis180-ის წარმომადგენელი აღმოსავლეთ-დასავლეთის ურთიერთობის პროგრამიდან – ანა კიკნაძე, კორბერის ფონდის რუსეთთან და აღმოსავლეთ ევროპასთან ურთიერთობის პროგრამის ხელმძღვანელი ლიანა ფიქსი, ანალიტიკური ინსტიტუტის Libmoderne-ს რეფერენტი საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებში მათია ნელესი და გერმანიაში საქართველოს საელჩოს რეფერენტი მიხეილ სარჯველაძე.

Polis180-ი საგარეო და ევროპის პოლიტიკაზე ფოკუსირებული ანალიტიკური ინსტიტუტია, რომელიც გერმანიის მასშტაბით პოლიტიკით დაინტერესებული ახალგაზრდა ადამიანებისთვის და ექსპერტებისთვის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს. Polis180-ი აქტიურად თანამშრომლობს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და  ანალიტიკურ ორგანიზაციებთან, როგორიცაა Hertie Innovationskolleg, foraus, BMW Stiftung, Impact Hub Berlin და ა.შ. 

სტუმრებს გერმანიაში საქართველოს ელჩი ელგუჯა ხოკრიშვილი და Polis180-ის პრეზიდენტი სონია შიფერსი მიესალმნენ. ელგუჯა ხოკრიშვილმა სიტყვით გამოსვლისას შეაჯამა აღმოსავლეთ პარტნიორობის ათი წელი და ყურადღება გაამახვილა აღნიშნულ პერიოდში მიღწეულ საერთო წარმატებებზე. გერმანიაში საქართველოს ელჩმა ასევე ისაუბრა იმ სიკეთეებზე, რომელიც საქართველომ აღმოსავლეთ პარტნიორობისგან მიიღო. ელგუჯა ხოკროშვილმა აღნიშნა, რომ დროულია დაიწყოს აქტიური დისკუსია აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებით, განისაზღვროს შემდეგი ნაბიჯები. მან იმედი გამოთქვა, რომ ამ პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან პარტნიორი ქვეყნები და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, განსაკუთრებით კი გერმანია, როგორც ევროკავშირის საბჭოს მომავალი თავმჯდომარე ქვეყანა 2020 წელს.

ღონისძიების მეორე ნაწილში განხილულ იქნა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებული სხვადასხვა ხედვები ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პერსპექტივიდან. ღონისძიებას სხვადასხვა ანალიტიკური ორგანიზაციების, უნივერსიტეტების, პოლიტიკური ფონდების, გერმანიის პარლამენტის და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის დასასრულს მოეწყო მცირე მიღება, რომლის ფარგლებშიც ღონისძიების მონაწილეებმა და სტუმრებმა ქართული ღვინო დააგემოვნეს.