ინიციატივის „მეცნიერების გრძელი ღამის“ ფარგლებში 15 ივნისს გერმანიაში საქართველოს ელჩმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა მონაწილეობა მიიღო ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის ინსტიტუტის ორგანიზებით გამართულ საჯარო დისკუსიაში „კონფლიქტი და განვითარება კავკასიაში“. ღონისძიების მიზანი იყო კავკასიაში მიმდინარე პროცესებზე, პოლიტიკაზე, კულტურაზე, ეკონომიკურ მდგომარეობაზე მსჯელობა და ღონისძიების სტუმრებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში რეგიონისთვის აქტუალურ საკითხებზე აზრთა გაცვლა-გამოცვლა. ელგუჯა ხოკრიშვილთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობდნენ თავისუფალი უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის ინსტიტუტის წარმომადგენელი პროფესორი თეოხარის გრიგორიადისი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და ლაიბნიცის ლიტერატურისა და კულტურის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი ზაალ ანდრონიკაშვილი და ხელოვანი ირა კონიუკოვა. საჯარო დისკუსია ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა პროფესორმა ვერენა ბლეხინგერ-ტალკოტმა გახსნა.

ელგუჯა ხოკრიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტზე – ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციაზე და ინტეგრაციის პროცესის პრაქტიკულ ასპექტებზე. გერმანიაში საქართველოს ელჩმა ასევე ისაუბრა საქართველოს გეოსტრატეგიულ მნიშვნელობაზე, როგორც სატრანსპორტო დერეფანზე ჩინეთს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის კონტექსტში. მოხსენების თემა იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა და მცოცავი ოკუპაცია, როგორც რუსეთის მიერ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესის ხელის შეშლის მცდელობა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა. დისკუსიის მონაწილეების მიერ მომზადებული მოკლე მოხსენებების შემდგომ დისკუსიის ერთ-ერთ ძირითად თემას საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობები წარმოადგენდა.