მ.წ. 7-8 ნოემბერს ბერლინში ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა. ვიზიტის მთავარ მიზანს წარმოადგენდა გერმანიის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონტაქტების გაღრმავება და საქართველოსთვის პრიორიტეტული მნიშვნელობის საკითხებთან დაკავშირებით გერმანული მხარის მხარდაჭერის კონსოლიდაცია.
ვიზიტის ფარგლებში კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრები გამართა გერმანიის ბუნდესტაგში საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან ნორბერტ როტგენთან, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში გერმანიის დელეგაციის ხელმძღვანელთან კარლ ლამერსთან, საგარეო კომიტეტში სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის ხელმძღვანელთან ნილს შმიდთან, ევროკავშირის საკითხთა ქვეკომიტეტის თავმჯდომარესთან, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში გერმანიის დელეგაციის ხელმძღვანელთან დორის ბარნეტთან, ბუნდესტაგის დეპუტატთან, ფედერალური მთავრობის კოორდინატორთან რუსეთის, ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საზოგადოებებს შორის ურთიერთობების საკითხებზე, დირკ ვიზესთან, გერმანია-სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილესთან ალბერტ ვაილერთან და ასევე ევროპარლამენტის მწვანეთა პოლიტიკური ჯგუფის წევრთან სერგეი ლაგოდინსკისთან. კომიტეტის თავმჯდომარის შეხვედრები შედგა ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროში სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეფერატის უფროსთან მიხაელ ზიბერტთან და პოლიტიკურ დირექტორთან იენს პლოტნერთან. ვიზიტის ფარგლებში სოფიო ქაცარავამ შეხვედრა გამართა ასევე კონრად ადენაუერის ფონდის მმართველი საბჭოს წევრთან, ევროპარლამენტის ყოფილ პრეზიდენტთან ჰანს გერჰარდ პოტერინგთან.
შეხვედრებისას განხილულ იქნა საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალური საკითხები – საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და რუსეთის უკანონო ქმედებები, საარჩევნო სისტემის დაგეგმილი რეფორმა, საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი და სამომავლო ხედვები აღმოსავლეთ პარტნიორობასთან დაკავშირებით. გერმანული მხრიდან ხაზი გაესვა, რომ ევროკავშირის საბჭოს გერმანიის მომავალი თავმჯდომარეობისას აღმოსავლეთ პარტნიორობა ერთ-ერთი მთავარ პრიორიტეტად რჩება და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.
7 ნოემბერს კომიტეტის თავმჯდომარე სიტყვით გამოვიდა ბერლინის კედლის დაცემის 30 დღისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე.