2019 წლის 18-19 ნოემბერს ქალაქ ნიურნბერგში განხორციელდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი. დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, თეა ახვლედიანი.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები გერმანიის სოფლის მეურნეობის, შრომისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროს, გერმანიის დასაქმების ფედერალური სააგენტოსა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე გერმანულ მხარესთან განხილულ იქნა გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების სოფლის მეურნეობის სექტორში სეზონურ დასაქმებაზე თანამშრომლობის ხელშეკრულების ასპექტები. მხარეები შეთანხმდნენ, რომ კონსულტაციების შემდგომი რაუნდი გაიმართება მომავალი წლის დასაწყისში ქალაქ თბილისში.