საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ელგუჯა ხოკრიშვილი: “გულითადი მადლობა მინდა გადავუხადო გერმანიის საგარეო საქმეთა უწყებასა და ბატონ მიხაილ ზიბერტს – აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის საქმეთა რწმუნებულს, 29 იანვარს ჩემს გამოსამშვიდობებლად გამართული სადილისთვის. ფრიად სასიხარულო იყო ამ სადილზე ჩემი კოლეგა ელჩებისა და ფედერალური კანცელარიის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ბუნდესტაგისა და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლების ხილვა. მრავალ თქვენგანთან, ისევე როგორც სხვა პატივსაცემ პირებთან, რომლებიც სამწუხაროდ ვერ დაესწრნენ ამ ღონისძიებას, უკვე პირადი მეგობრობა მაკავშირებს. განსაკუთრებით სასიხარულო იყო გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრის, ჰაიკო მაასის სახელით გადმოცემული საჩუქარი.
გემშვიდობებით შერეული გრძნობებით.
მოხარული ვარ, რომ გასული წლების ქართულ-გერმანული ურთიერთობები განსაკუთრებით დადებითი დინამიკით გამოირჩეოდა. თავს ბედნიერად ვთვლი, რომ საშუალება მომეცა, მოკრძალებული როლი შემესრულებინა მაღალი რანგის, ორმხრივი ვიზიტების მომზადებასა და ჩვენი ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში.
გაზრდილ ორმხრივ ურთიერთობებს და სასიხარულო განვითარებას მოწმობს ფედერალური კანცლერის, ანგელა მერკელის, 2018 წლის აგვისტოს ვიზიტი საქართველოში, ფედერალური პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ჩვენს ქვეყანაში ვიზიტი გასული წლის ოქტომბერში, რომელიც უკანასკნელი 23 წლის მანძილზე გერმანიის ფედერალური პრეზიდენტის პირველი ვიზიტი იყო საქართველოში, მაღალი რანგის გერმანელი პოლიტიკოსების, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრის და ბუნდესტაგის ვიცე პრეზიდენტის, ისევე როგორც დეპუტატების მონაწილეობა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში. ასევე საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტები გერმანიაში.
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩად სამსახური ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგია იყო, დაკავშირებული მისიასთან, რომელსაც მე დიდი სიხარულითა და პასუხისმგებლობით ვასრულებდი.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს საელჩოს თანამშრომლებს, რომლებმაც თავისი კომპეტენტურობით და თავდადებით ხელი შეუწყეს ჩემი საქმიანობის განხორციელებას და ბევრი რამ შესაძლებელი გახადეს. მათ სამომავლოდ წარმატებასა და წინსვლას ვუსურვებ ჩვენი ქვეყნის სამსახურში. “