მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს საქართველოს ელჩმა ლევან იზორიამ შეხვედრა გამართა ბადენ-ვიურტემბერგის ფედერალური მიწის სახელმწიფო მინისტრთან ტერეზა შოპერთან. შეხვედრისას ელჩმა გააცნო სახელმწიფო მინისტრს საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში გადადგმული ნაბიჯები და სამომავლო ხედვები. მან ისაუბრა საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ბადენ-ვიურტემბერგის ფედერალურ მიწასთან ეკონომიკური კავშირებისა და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე.