20 ოქტომბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევან იზორიამ სატელეფონო საუბარი გამართა გერმანიის ფედერალური კანცლერის მრჩეველთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში იან ჰეკერთან.


იან ჰეკერმა კიდევ ერთხელ გამოხატა გერმანიის მთავრობისა და ფედერალური კანცლერის მკაფიო მხარდაჭერა საქართველოს სუვერინიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. კანცლერის მრჩეველმა გაიხსენა 2018 წელს ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტი და საოკუპაციო ხაზთან გამგზავრება, აღნიშნა, თუ რაოდენ მიუღებელია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ხაზგასმით პოზიტიურად შეაფასა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა. თავის მხრივ, ლევან იზორიამ მადლობა მოახსენა იან ჰეკერს გერმანიის მხარდამჭერი პოზიციისთვის და თანამშრომლობისთვის.


საუბარი ასევე შეეხო საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს. აღინიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია არჩევნები წარიმართოს მაღალი დემოკრატიული სტანდარტების დაცვით, უზრუნველყოფილი იყოს საერთაშრისო დამკვირვებელთა დასწრება და რომ საქართველოში ამ მიმართულებით ყველაფერი კეთდება. ამავე კონტექსტში ელჩმა მადლობა მოახსენა გერმანულ მხარეს არჩევნებისადმი ინტერესისა და მასში სადამკვირვებლო მისიით მონაწილეობისთვის.