15 დეკემბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევან იზორიამ მონაწილეობა მიიღო ადენაუერის ფონდის რეგიონალური პროგრამის „სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური დიალოგი“ და გერმანიაში საქართველოს საელჩოს ერთობლივ ონლაინ-დისკუსიაში „საქართველო დაძაბულობის არეალში: უსაფრთხოება შავი ზღვის რეგიონში“. ღონისძიება წარმოადგენდა ერთობლივი ციკლის „საქართველო ფოკუსში“ ნაწილს.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, გერმანიის ბუნდესთაგის დეპუტატი მატერნ ფონ მარშალი, საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს ექსპერტი გუსტავ გრესელი და გერმანიის მეცნიერებისა და პოლიტიკის ფონდის მეცნიერ-თანამშრომელი მიხეილ სარჯველაძე. დისკუსიის მოდერატორი  იყო კონრად-ადენაუერის-ფონდის რეფერენტი დრ. იან ფილიპ ვიოლბერნი.

დისკუსია შეეხო სხვადასხვა გლობალური ძალების ინტერესების დაპირისპირებას შავი ზღვის რეგიონში, უსაფრთხოების გამოწვევებსა და ტენდენციებს. განსაკუთრებით ხაზი გაესვა ნატოსა და ევროკავშირის როლს რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფის კონტექსტში.

საქართველოს ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოსთვის დასავლეთის ღირებულებათა სამყაროსთან ინტეგრირების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ სამხრეთ კავკასიაში ბოლო დროს განვითარებული პროცესები საქართველოს დასავლელი პარტნიორებისგან კიდევ უფრო მეტ გააქტიურებას მოითხოვს.