მიმდინარე წლის 11 მარტს შედგა საქართველოს ელჩის ლევან იზორიას შეხვედრა გერმანიის საგარეო საქმეთა ფედრალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან მიგელ ბერგერთან. შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს გერმანულ-ქართული ურთიერთობების დღის წესრიგში მდგარი საკითხების ფართო სპექტრი. საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე შიდა-პოლიტიკურ მოვლენებს. სახელმწიფო მდივანი მიესალმა ევროკავშირის მხრიდან მაღალი დონის ჩართულობას, რომელიც პრეზიდენტ შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტით გამოიხატა და გამოთქვა მოლოდინი, რომ ოპოზიცია პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას პარლამენტის ფარგლებში გააგრძელებს.მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მექანიზმები და საერთაშორისო თანამეგობრობის როლი ამ პროცესში. სახელმწიფო მდივანი პოზიტიურად გამოეხმაურა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველო-რუსეთის ომთან დაკავშირებით, რომლითაც მკაფიოდ დადასტურდა რუსეთის პასუხისმგებლობა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და საერთაშორისო სამართლის ძირითადი ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით. საუბრის თემა იყო ასევე ევროკავშირთან დაკავშირებადობის გაზრდის მნიშვნელობა და შესაძლებლობები და ევროკავშირთან, ისევე როგორც გერმანიასთან, ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.