მ.წ. 6 სექტემბერს გაიმართა საქართველოს ელჩის ლევან იზორიას ვიზიტი ზაარლანდის ფედერალურ მიწაზე. ვიზიტში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს გენერალური კონსული ქალაქ ფრანკფურტში ლევან დიასამიძე და საელჩოს უფროსი მრჩეველი აჩიკო სუდაძე. საქართველოს ელჩს ზაარლანდში უმასპინძლა ფედერალური მიწის პრემიერ-მინისტრმა ტობიას ჰანსმა. შეხვედრა შედგა, ასევე, ზაარბრუკენის მერთან, უვე კონრადთან, ფედერალური მიწის პოლიციის პრეზიდენტ ნორბერტ რუპთან და სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო მიმართულების მმართველ დირექტორთან, ოლივერ გროლთან, რომელსაც ესწრებოდნენ დაინტერესებული კომპანიების წარმომადგენლები.

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს მჭიდრო ტრადიციულ კავშირებს ზაარლანდთან და განხილულ იქნა მომავალი თანამშრომლობის ასპექტები კულტურის, ეკონომიკისა და პოლიტიკური მიმართულებებით. გამოითქვა მზადყოფნა საქართველოსა და ზაარლანდის სავაჭრო სამრეწველო პალატებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერასთან დაკავშირებით. ასევე შეთანხმდა კონკრეტული ღონისძიებების გამართვის, მათ შორის ქართულ-გერმანული ბიზნეს-ფორუმის ჩატარების საკითხი. ამ ინიციატივასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის მხრიდან სრული მხარდაჭერა გამოითქვა. საუბრისას განხილულ იქნა ასევე სოფლის მეურნეობის დარგში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების კონკრეტული პერსპექტივები.

ზაარბრუკენის მერთან შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს თბილისსა და ზაარბრუკენს შორის არსებული ისტორიული კავშირების შესახებ და ხაზგასმულ იქნა ვიზიტების ორმხრივი ურთიერთგაცვლის გააქტიურების საკითხი. ქალაქის მერმა სრული მზადყოფნა გამოხატა ელჩის ინიციატივაზე უახლოეს მომავალში ზაარბრუკენში საქართველოს კულტურის დღეების გამართვასთან დაკავშირებით.

პოლიციის პრეზიდენტთან შეხვედრისას განხილულ იქნა ორმხრივი საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, გამოიკვეთა კონკრეტული სფეროები და დაიგეგმა შემდგომი ნაბიჯები.