2022 წლის 5 აპრილს ბერლინში, საქართველოს საელჩოში, ქართულ-გერმანული დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებების სერიის ფარგლებში, გაიმართა ელჩის, ლევან იზორიას შეხვედრა გერმანიის საგარეო პოლიტიკის საზოგადოების (DGAP) ახალგაზრდა წევრებთან.

ღონისძიების შესავალ ნაწილში ელჩმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო ქვეყანა და მისი ისტორია, პოლიტიკური სისტემა, კულტურული, ტურისტული თუ ეკონომიკური პოტენციალი. მოხსენების მნიშვნელოვანი ნაწილი მოიცავდა ორმხრივ ურთიერთობებს გერმანიასთან, საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს, მის პოზიციონირებას ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ასოცირებული ტრიოს ფორმატში და მდგომარეობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ელჩმა ვრცლად ისაუბრა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის, გეო-პოლიტიკური კონტექსტისა და აქტუალური საგარეო პოლიტიკურ გამოწვევების შესახებ.მან ასევე განიხილა საიუბილეო წლის მანძილზე დაგეგმილი ღონისძიებები და, განსაკუთრებით, საქართველოს მასპინძლის სტატუსი ბერლინის ტურიზმის საერთაშორისო ბაზრობაზე.

მოხსენების შემდგომ, დამსწრე საზოგადოების მონაწილეობით მიმდინარეობდა დისკუსია, ხოლო ღონისძიების დასასრულს გაიმართა მიღება.