გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ბუნდესტაგში, ფრაქცია ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის/ქრისტიან-სოციალისტური კავშირის (CDU/CSU) სპიკერს საგარეო პოლიტიკის საკითხებში, იურგენ ჰარდტსა და ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტში ფრაქცია გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD) აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე მომხსენებელს, იოჰანეს შრაპსს შეხვდა.

შეხვედრებისას განხილვის მთავარ საკითხებს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული განაცხადი, ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია წარმოადგენდა.

მაკა ბოჭორიშვილმა, გერმანიის და ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოების მხრიდან, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროპული პერსპექტივის მკაფიო მხარდაჭერისა და უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე, ამ ქვეყნებისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის მნიშვნელოვან პროგრესზე და ევროკავშირთან კიდევ უფრო მეტად დაახლოების მიზნით, შემდგომი ნაბიჯების გადადგმის მზაობა აღნიშნა. შეხვედრებისას, ხაზი გაესვა, რომ საგარეო-პოლიტიკური მიზნების მიღწევის კონტექსტში, ოფიციალური ბერლინის პოლიტიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

მაკა ბოჭორიშვილმა ბუნდესტაგის წევრებს, მადლობა გადაუხადა გერმანიის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის, ასევე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის ეფექტურად განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის.

გერმანელმა კოლეგებმა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებულ განაცხადს და შეფასების კითხვარის დროულად შევსებას დადებითი შეფასება მისცეს. მათ იმედი გამოთქვეს, რომ ეს პროგრესი ევროკავშირის მიერ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, შესაბამისად იქნება შეფასებული.