საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ თემატურ პანელურ დისკუსიაში, სახელწოდებით – „უსაფრთხოების განმტკიცება სამხრეთ კავკასიაში”.

პანელურ დისკუსიაში მთავრობის მეთაურთან ერთად ასევე მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ეუთოს გენერალური მდივანი ჰელგა მარია შმიდი და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი. დისკუსიას მოდერაცია გაუწია უსაფრთხოების კონფერენციის ხელმძღვანელმა კრისტოფ ჰოისგენმა.

ირაკლი ღარიბაშვილი – მას შემდეგ, რაც ჩვენ ხელისუფლებაში ვართ, ერთადერთი მშვიდობიანი პერიოდია, ჩვენ უზრუნველვყავით მშვიდობა და სტაბილურობა, ეს არის ის რაც სჭირდება ხალხს: მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა, ომით ვერ მივაღწევთ ვერც კეთილდღეობას, ვერც სტაბილურობას

უპირველეს ყოვლისა, მადლობას გიხდით ამ პანელური დისკუსიის ორგანიზებისთვის. ვფიქრობ რომ ეს ნამდვილად ისტორიული შეხვედრაა, რაც უკვე მეტყველებს კონფერენციის წარმატებაზე– ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2008 წელს საქართველოსაც ჰქონდა ომი რუსეთთან, რუსეთს საქართველოს ისტორიული ტერიტორიები ოკუპირებული აქვს და ორი სამხედრო ბაზა აქვს საქართველოს ტერიტორიაზე.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ, დიდი ძალისხმევა გასწიეს დეესკალაციის კუთხით და ქვეყანა აქტიურად თანამშრომლობს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

„უპირველეს ყოვლისა, მადლობას გიხდით ამ პანელური დისკუსიის ორგანიზებისთვის. ვფიქრობ რომ ეს ნამდვილად ისტორიული შეხვედრაა, რაც უკვე მეტყველებს კონფერენციის წარმატებაზე. რაც შეეხება ომს უკრაინაში, ეს ნამდვილად დიდი გამოწვევაა ყველა ჩვენგანისთვის. უფრო მეტიც, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპა და მსოფლიო არ დამდგარა ასეთი მასშტაბის გამოწვევის წინაშე. თქვენ იცით, რომ 2008 წელს ჩვენ საკუთარ თავზე გამოვცადეთ ომი რუსეთთან და მას შემდეგ რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს ჩვენი ისტორიული ტერიტორიები: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. რუსეთს ასევე აქვს ორი სამხედრო ბაზა ჩვენს ტერიტორიებზე და საერთო ჯამში ომის შემდგომ ჩვენ მუდმივად ვდგავართ გარკვეული პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე. მაგრამ 2012 წელს ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ, ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევა გავიღეთ შექმნილი დაძაბულობის დეესკალაციისათვის. ამავე დროს, ჩვენ ძალიან აქტიურები ვართ ევროინტეგრაციის გზაზე. კერძოდ, საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას (DCFTA), გვაქვს უვიზო მიმოსვლა და გასულ წელს ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ იქნა ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების თაობაზე.

ამდენად, კითხვაზე, თუ როგორ გავლენას ახდენს ომი უკრაინაში ჩვენს ქვეყნებზე და კონკრეტულად საქართველოზე, შემიძლია გიპასუხოთ, რომ ახლა ჩვენ ვხედავთ, რუსეთი ფოკუსირებულია უკრაინაზე, სადაც მიმდინარეობს დამანგრეველი ომი. ჩვენ კი უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ეს ომი შეწყდეს. მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა და მინდა გითხრათ, რომ საქართველო ატარებს მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით. ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ გვაქვს მშვიდობიანი გეგმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის და მადლობა მინდა გადავუხადო ეუთოს, ევროკავშირს, აშშ-ს და მედიაციის პროცესში აქტიურად მონაწილე სხვა მხარეებს. თქვენ ახსენეთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები, რომელიც წარმოადგენს ერთადერთ პლატფორმას, რომლის საშუალებითაც რუსებთან გვაქვს დიალოგი.

მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, ომი უკრაინაში უნდა შეწყდეს. ჩვენ უკვე გამოვცადეთ ომის შედეგები 2008 წელს: უამრავი ადამიანი დაიღუპა, დავკარგეთ კონტროლი ჩვენს ტერიტორიებზე და როგორც უკვე აღვნიშნე, რუსეთმა განათავსა სამხედრო ბაზები ჩვენს ტერიტორიებზე, ამასთანავე, ეს პროცესები მიმდინარეა, არ შეჩერებულა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ 2008 წლის ომის შედეგად არ დაწესებულა საერთაშორისო სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ამის საპირისპიროდ ჩვენ დავინახეთ, რომ რუსეთთან ურთიერთობები ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა, რაც აღქმული იყო საკმაოდ ცუდ სიგნალად. შეჯამებისთვის, ვფიქრობ რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ახლა უნდა გადაწყვიტოს, როგორ წავიდეთ წინ, რამდენადაც თუ ეს ომი გაგრძელდება, გაგრძელდება ნგრევაც და გაიზრდება სამოქალაქო მსხვერპლი. ამდენად, მინდა გავიმეორო, რომ ჩვენი მიზანი უნდა იყოს ომის შეჩერება“,– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უპასუხა დასმულ კითხვას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა კერძო კლინიკაში სააკაშვილისთვის მაქსიმალურ კომფორტს და მკურნალობას უზრუნველყოფს და მას აქვს ყველა პრივილეგია, რაც არ აქვთ სხვა პატიმრებს.

«არ მინდა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულირება, რომელიც ამჟამად კერძო საავადმყოფოში იმყოფება. მინდა იცოდეთ, რომ ის საქართველოში დაბრუნდა წელიწადნახევრის წინ (1 ოქტომბერს). მისი დაბრუნების იდეა მდგომარეობდა  საქართველოში რევოლუციის მოხდენაში, მასობრივი მკვლელობების ორგანიზებაში და სისხლისღვრაში, თუმცა საბოლოოდ ციხეში მოხვდა. მან მოითხოვა კერძო კლინიკაში გადაყვანა სადაც 8 თვეზე მეტია არის და საქართველოს მთავრობა მაქსიმალურ დახმარებას უწევს მას. მას აქვს ყველა ის პრივილეგია რაც არ აქვთ სხვა პატიმრებს. თქვენ ახსენეთ ფოტოები. მინდა გითხრათ რომ ბატონი სააკაშვილი კარგი მსახიობია. საქართველოს მთავრობა აკეთებს ყველაფერს რაც შეგვიძლია. ჩვენ შევთავაზეთ მის ოჯახს, რომ მისთვის ჩამოეყვანათ ნებისმიერი ექიმი ნებისმიერი ქვეყნიდან, რომ მას მიეღო სასურველი დამატებითი სამედიცინო მომსახურება საქართველოში. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ალბათ გინახავთ ბევრი ე.წ. fake news. მაგ. გასულ თვეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისმა ოჯახმა გადაიხადა ერთი მილიონი დოლარი აგრესიული მედიაკამპანიის ორგანიზებისთვის. ამდენად, რასაც ხედავთ ფოტოებზე და ვიდეოებში თუ სოციალურ ქსელებში არ ასახავს რეალობას. არავინ დგას კანონზე მაღლა. ჩვენ ვაშენებთ ძლიერ დემოკრატიას საქართველოში, ვაძლიერებთ ინსტიტუტებს. სააკაშვილმა ჩაიდინა მძიმე დანაშაულებები, მკვლელობები (მაგ. გირგვლიანი), ყოფილი პარლამენტარის სიკვდილამდე ცემა და სხვ. კერძო ტელეკომპანია „იმედის“მიტაცება, ასევე, უკანონოდ გადაკვეთა საზღვარი (2 დღე გაატარა კონტეინერში ოდესადან საქართველოსკენ გზაში). არ მინდოდა მასზე საუბარი ამ პანელის დროს მაგრამ რადგან კითხვა დასვით, ჩემი პასუხი ასეთია,»–განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხალხს სჭირდება კეთილდღეობა, სტაბილურობა, მშვიდობა, და ომით ეს არ მიიღწევა.

„ თქვენ ახსენეთ საშიშროებები, რომლებიც მომდინარეობს რუსეთისგან. პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ როდესაც ვესაუბრები ჩვენს ევროპელ მეგობრებს, ამერიკელ მეგობრებს, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ყველა თანხმდება, რომ ჩვენ არ ვართ ახლა იმ მდგომარეობაში საიდანაც შესაძლებელია უფრო ზუსტი, კონკრეტული საუბარი იმის შესახებ, თუ რა მოხდება უკრაინაში.

რა თქმა უნდა ამ ომის შედეგები მოახდენენ გავლენას ისეთ ქვეყნებზე, როგორიცაა საქართველო, (თქვენ ახსენეთ) მოლდოვა… მოდით პირდაპირ ვთქვათ ევროპული უსაფრთხოების მთლიან არქიტექტურაზე, მთელს მსოფლიოზე. ვინაიდან ამჟამად რუსეთი ცდილობს შეცვალოს საერთაშორისო წესრიგი, წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგი.

მე ვთვლი და ექსპერტებიც ასე გვეუბნებიან, რომ სადღაც 2-3 თვეში გახდება მეტნაკლებად გასაგები თუ სად ვიმყოფებით. თქვენ იცით საქართველოს შესახებ. 20% ჩვენი ქვეყნისა ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ჩვენ გამოვცადეთ ეს ომი 2008 წელს, ჩვენ გვქონდა ასე ვთქვათ „ირიბი ომი“ 90-იანების დასაწყისში, როდესაც რუსეთი მხარს უჭერდა და ეხმარებოდა სეპარატისტებს აფხაზეთსა და ოსეთში.

ასე, რომ ჩვენ კარგი გამოცდილება გვაქვს. შესაბამისად, საკმაოდ რთულია იმის თქმა თუ რა მოხდება. ვფიქრობ, დრო გვაჩვენებს, სად ვართ ახლა და სადამდე მივალთ ჩვენ, მსოფლიო, რეგიონი და ევროპა უკრაინის შემდეგ.

მაგრამ  უნდა გავიმეორო რაც ვთქვი ჩემს გამხსნელ შენიშვნებში: არ არსებობს მშვიდობიანი მოლაპარაკებების ალტერნატივა. ჩვენ გავხდით იმის მოწმენი, რომ ბირთვული რიტორიკა დაბრუნდა. რაც კატასტროფულია მთელი მსოფლიოსთვის, არა მხოლოდ უკრაინისა და ევროპისთვის, არამედ მთელი პლანეტისთვის.

შესაბამისად, ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ ისეთი  „დიდი“ მოთამაშეები, როგორებიც არიან აშშ, ჩინეთი, რუსეთი, ევროკავშირი – დასხდებიან  და დაიწყებენ საუბარს პლანეტის მომავალზე.

ვინაიდან, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ომი არ არის გამოსავალი. საქართველო პატარა ქვეყანაა, მხოლოდ 4-მილიონიანი მოსახლეობით, რა თქმა უნდა ჩვენი საკუთარი გამოწვევებით, მაგრამ ის რისი მიღწევაც შევძელით ბოლო ათწლეულში, რომელიც ბოლო წლებში ერთადერთი მშვიდობიანი პერიოდია. ამ ათწლიან პერიოდში, რაც ჩვენ ხელისუფლებაში ვართ, ჩვენ ვუზრუნველყავით მშვიდობა და სტაბილურობა. და ეს არის ის რაც სჭირდება ხალხს: მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა. ომით ჩვენ ვერ მივაღწევთ კეთილდღეობას, ვერ მივაღწევთ სტაბილურობას»,– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

თემატური დისკუსია მიუნხენში | პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ თემატურ პანელურ დისკუსიაში -„უსაფრთხოების… | By საქართველოს მთავრობა | Facebook

111K views, 482 likes, 51 loves, 97 comments, 56 shares, Facebook Watch Videos from საქართველოს მთავრობა: პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის…