16 მარტს, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლევან იზორიამ გამართა შეხვედრა გერმანიის ფედერალური მთავრობის სპეციალურ რწმუნებულთან მიგრაციის საკითხებში, იოახიმ შტამპთან. შეხვედრაზე ქართულ მხარეს ასევე წარმოადგენდა პოლიციის ატაშე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, სერგო თურმანიძე.

მიგრაციის სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა, ფედერალური მთავრობის სპეციალური წარმომადგენლის მხრიდან უაღრესად პოზიტიურად იქნა შეფასებული.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის კონტექსტში საქართველოს მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებზე, არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობასა და მიღწეულ შედეგებზე.

ამასთან, შეხვედრაზე გამოითქვა ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების სურვილი. აღნიშნულ კონტექსტში, განხილულ იქნა მიგრაციის საკითხებში გერმანიის ფედერალური მთავრობის სპეციალური წარმომადგენლის საქართველოში ვიზიტის საკითხი.

საქართველოსთვის, ევროინტეგრაციის პროცესის გაღრმავების კუთხით, შესაბამის სახელმწიფოებთან მიგრაციის სფეროში თანამშრომლობა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.