ანალენა ბერბოკი დატვირთული პროგრამის ფარგლებში ასევე საოკუპაციო ხაზს ესტუმრა, სადაც მინისტრს არსებული ვითარება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) წარმომადგენლებმა გააცნეს. ამ მისიაში გერმანიას ყველაზე მეტი თანამშრომელი ჰყავს წარგზავნილი. ქალბატონ ბერბოკს საშუალება ჰქონდა ადგილზე თავად გაცნობოდა უსაფრთხოების მდგომარეობას.

მინისტრს განსაკუთრებით აინტერესებდა კონფლიქტის უშუალო გავლენა იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრებაზე, რის შესახებაც ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა. გერმანია დევნილებს მრავალი პროექტის მეშვეობით უწევს დახმარებას. საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის თანმიმდევრული მხარდაჭერა წარმოადგენს გერმანულ-ქართული ურთიერთობების ქვაკუთხედს.