20 აპრილს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ლევან იზორია ბუნდესტაგის წევრს, კრისტიან პეტრის (SPD) შეხვდა.

ნიშანდობლივია, რომ მიმდინარე წლის 2-5 მაისს კრისტიან პეტრი ბუნდესტაგის დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაშიც შედიან იოჰანეს შრაპსი (SPD), რალფ ბრინკჰაუსი (CDU/CSU), მიხაელ ზახერი (მწვანეები), თომას ჰაკერი (FDP), ნორბერტ კლაინვეხტერი (AfD) და ანდრეი ჰუნკო (მემარცხენეები) საქართველოს ვიზიტით ეწვევა. დელეგაცია შეხვედრებს გამართავს როგორც საქართველოს პარლამენტში და მთავრობის წარმომადგენლებთან, ისე არასამთავრობო სექტორთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე და ამ გზაზე ქვეყნის მიერ წარმატებით გატარებულ რეფორმებზე. ამასთან, ხაზი გაესვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას.