საქართველოს და გერმანიას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს ისტორიული საფუძველი აქვს. ინტენსიური კომუნიკაცია ქართველებს და გერმანელებს შორის მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში დამყარდა, როცა საქართველოში 1817 წლიდან პირველი გერმანელი კოლონისტები დასახლდნენ. გერმანიის მხარდაჭერამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 1918 წლის 26. მაისს პირველი ქართული დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების პროცესში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ევროგაერთიანების პირველი წევრი იყო, რომელმაც 1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა და 1992 წლის 13 აპრილს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა. ისტორიული კავშირების გარდა 1990იან წლებში ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს მეორე პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ფაქტორმა, რომელსაც გერმანიაში კარგად იცნობდნენ გერმანიის გაერთიანებაში შეტანილი წვლილისთვის.
გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში. გერმანია აქტიურად მონაწილეობდა გაეროს და ეუთოს ეგიდით საქართველოში მყოფ სადამკვირვებლო მისიებში. ამჟამად გერმანია ევროკავშირის მისიის საქმიანობაშია ჩართული, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების მონიტორინგს ახორციელებს საოკუპაციო ხაზების გასწვრივ. გერმანია საქართველოს მხარს უჭერს ასევე ნატოსთან ინტეგრაციის კონტექსტში და მჭიდროდ თანამშრომლობს თავდაცვის სფეროში. მრავალმხრივი თანამშრომლობის ჩარჩოები მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს მათ შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების მხრივ.
მჭიდრო ისტორიული ურთიერთობების და ასევე მჭიდრო პარტნიორობის გამო, გერმანული ენა და კულტურა საქართველოში ძალიან პოპულარულია, ისევე როგორც ზოგადად გერმანია. პარალელურად სულ უფრო მეტ გერმანიის მოქალაქეს აქვს საშუალება უკეთ გაიცნოს საქართველო. 2017 წლის აპრილში საზეიმოდ გაიხსნა გერმანულ-ქართული მეგობრობის წელი. 2018 წლის შემოდგომაზე საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა. მნიშვნელოვანი ოფიციალური ვიზიტებიდან შესაძლებელია 2018 წლის აგვისტოში საქართველოში გერმანიის ფედერალური კანცლერის ანგელა მერკელის ვიზიტი და 2019 წლის თებერვალში საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში:
- ლევან იზორია- 2020- დღემდე
- ელგუჯა ხოკრიშვილი – 2018 – 2020
- ლადო ჭანტურია 2014 – 2017
- გაბრიელა ფონ ჰაბსბურგი 2009 – 2013
- ლევან დუჩიძე 2007 – 2009
- მაია ფანჯიკიძე 2004 – 2007
- კონსტანტინე გაბაშვილი 1993 – 2004
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში:
- ერნსტ პეტერ ფიშერი – 2022 წლის აგვისტოდან
- ჰუბერთ კნირში 2018 – 2022
- ჰაიკე პაიჩი 2016 – 2018
- ბეტინა ქადენბახი 2015 – 2016
- ორთვინ ჰენიგი 2010 – 2015
- პატრიცია ჰილდეგარდ ფლორი 2006 – 2010
- უვე შრამი 2001 – 2006
- ვოლფდიტრიხ ფიოგელი 1998 – 2001
- ნორბეტ ბაასი 1995 – 1998
- გიუნთერ დალჰოფი 1992 – 1995