2022 წლის 5 ოქტომბერს საქართველოს ელჩმა გერმანიაში, ბატონმა ლევან იზორიამ ვირტუალურად მიიღო მონაწილეობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კარლ ლემან-ჰაუფტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის შემაჯამებელ ღონისძიებასა და დოქტორანტების გამოსაშვებ ცერემონიაში.
ელჩმა კურსდამთავრებულებს მიულოცა პროგრამის წარმატებული დახურვა. მან ისაუბრა ქართულ-გერმანული უმაღლესი განათლების საერთო პროექტების მნიშვნელობის შესახებ, განსაკუთრებით კი გამოყო ილიას უნივერსიტეტისა და გიოტინგენის გეორგ აუგუსტის სახელობის უნივერსიტეტის ერთობლივი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, პირველად ხდება ერთობლივი სადოქტორო ხარისხის ორმაგი აღიარება. ლევან იზორიამ დადებითად შეაფასა რამდენიმე კვირის წინ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ახალი სტრატეგია, რომელიც დამატებით იმპულსს შეძენს ახალი ინიციატივებისა და პროექტების განხორციელებას.
გამოსვლისას, ელჩმა აღნიშნა ბერლინში, მიმდინარე წლის 13 სექტემბერს, საქართველოსა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ხელმოწერილი უმნიშვნელოვანესი ხელშეკრულება კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. დოკუმენტის ფარგლებში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს განათლებისა და მეცნიერების მიმართულებები, რაც ქვეყნებს შორის აღნიშნულ სფეროებში ურთიერთობების გაღრმავებისა და თანამშრომლობის გაფართოებისათვის ახალ საფუძველს ქმნის.
გამოსვლის დასასრულს, ლევან იზორიამ დიდი მადლობა გადაუხადა ფოლკსვაგენისა და რუსთაველის ფონდებს, პროექტის ინიციაოტრებს – პროფესორ გიგა ზედანიასა და ყველა იმ ქართველ და გერმანელ პროფესორს, რომელთა უშუალო მხარდაჭერითაც გახდა შესაძლებელი ამ უპრეცედენტო პროგრამის განხორციელება.