საქართველოს მწერალთა სახლისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებითა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 16-20 ოქტომბერს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო წარსდგა ეროვნული სტენდით. წელს ბაზრობაზე წარდგენილია 18 ქართველი ავტორის სხვადასხვა ჟანრის ახალი ნაწარმოები.
საქართველოს ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ელგუჯა ხოკრიშვილმა მოინახულა საქართველოს სტენდი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ვიცე პრეზიდენტ – ტობიას ფოსსთან ერთად. ასევე შეხვედრა გაიმართა საქართველოს მწერალთა სახლის ხელმძღვანელ – ნატალია ლომოურთან.
წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წარმოდგენილია ქართული სტენდი „Spend 4 seasons in Georgia“, რომელიც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ორგანიზატორებმა უსასყიდლოდ დაუთმეს ქართულ კამპანიას. გვსურს საელჩოს სახელით მადლობა გადავუხადოთ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას და საქართველოს დიდ გულშემატკივარს ჰენდრიკ ჰელიგეს.