ლევან იზორია ანალენა ბერბოკის ვიზიტზე: ეს იყო მეგობარი ქვეყნის მხარდამჭერი ვიზიტი, სადაც მკაფიოდ გაცხადდა, რომ საქართველოს ჰყავს ძალიან მტკიცე მხარდამჭერი ევროინტეგრაციის გზაზე

ვიზიტის დროს მკაფიოდ გაცხადდა, რომ საქართველოს ჰყავს ძალიან მტკიცე მხარდამჭერი ევროინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს ელჩმა გერმანიაში, ლევან იზორიამ განაცხადა.

მისი თქმით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკის ვიზიტისას გაკეთდა განსაკუთრებულად მკაფიო გზავნილები, რომ „ევროპის გარდა ჩვენ სხვა ალტერნატივა არ გვაქვს“.

„ეს იყო მეგობარი ქვეყნის მხარდამჭერი ვიზიტი, სადაც მკაფიოდ გაცხადდა, რომ საქართველოს ჰყავს ძალიან მტკიცე მხარდამჭერი ევროინტეგრაციის გზაზე. განსაკუთრებულად მკაფიო გზავნილები გაცხადდა ასევე ყველა შეხვედრაზე, რომ ჩვენ არ გვაქვს სხვა ალტერნატივა, გარდა ევროპისა. წელს ეს მიზანი დაკავშირებულია კანდიდატის სტატუსის მოპოვებასთან, ამიტომ ჩვენი ძალისხმევა იქნება მიმართული სწორედ იმისკენ, რომ მხარდაჭერის მობილიზება მოხდეს – ლიდერი ქვეყნის ევროპაში, როგორიც არის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა“, – განაცხადა გერმანიაში საქართველოს ელჩმა.