ანალენა ბერბოკი: „საქართველოს მოსახლეობის ადგილი ევროკავშირშია. სწორედ ამიტომ, საქართველოში ძალიან კონკრეტული გზავნილით ჩამოვედი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხაზგასმით განვაცხადოთ, რომ გვინდა ვნახოთ საქართველო ევროკავშირში და გვინდა ქართველებმა გაამდიდრონ ევროკავშირი“
„საქართველოს მოსახლეობის ადგილი ევროკავშირშია. სწორედ ამიტომ, საქართველოში ძალიან კონკრეტული გზავნილით ჩამოვედი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხაზგასმით განვაცხადოთ, რომ გვინდა ვნახოთ საქართველო ევროკავშირში და გვინდა ქართველებმა გაამდიდრონ ევროკავშირი,“ – განაცხადა, გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურმა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა, ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
გერმანელმა დიპლომატმა საქართველოს მხარდაჭერა აღუთქვა ევროინტეგრაციის გზაზე და კმაყოფილებით აღნიშნა, რომ ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულება წარმატებით ხორციელდება.
„ვინაიდან ვართ მეგობრები, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გზა ერთად გავიაროთ. ევროკავშირში ინტეგრაციის გზის გავლა ყოველთვის მარტივი არ არის. ცალკეული ქვეყნების მაგალითზე ვნახეთ, რომ აუცილებელია რეფორმები, გარკვეული მუხტის არსებობა და, რა თქმა უნდა, ძალისხმევა ევროკავშირის მხრიდანაც. ეს გზა ვერ შემოკლდება. ჩვენ ძალიან გვიხარია რომ ამ გზაზე გვაქვს საგრძნობი წინსვლა 12 პრიორიტეტის შესრულების მხრივ. ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ ამ თემაზე და ბუნებრივია, ერთობლივი მუშაობა აუცილებელია,“ – განაცხადა გერმანელმა დიპლომატმა.
მისივე თქმით, გაწევრიანების პროცესში აუცილებელია კანონის უზენაესობა, ზოგადად დემოკრატიული სტანდარტების შესრულება და დანერგვა.„დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია ასევე ერთმანეთის მოსმენა – იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც აზრები რადიკალურად განსხვავებულია, მათ შორის, საზოგადოებაშიც. ამიტომ ახლა, აგენტების კანონპროექტის გაწვევის შემდეგ, პოლიტიკის ამოცანაა პოლარიზაციის დაძლევა, ნდობის აღდგენა და რეფორმების დროულად, დამაჯერებლად გატარება,“ – განმარტა ანალენა ბერბოკმა და ხაზი გაუსვა რეფორმების გატარების მნიშვნელობას, რათა საქართველომ შეძლოს ევროკავშირში ინტეგრაცია.
„რეფორმების განხორციელება აუცილებელია, რათა საქართველომ ევროკავშირში შესვლა შეძლოს. მისი წევრი ვერ გახდება მხოლოდ საქართველოს მთავრობა სამოქალაქო საზოგადოების გარეშე და პირიქით, სამოქალაქო საზოგადოება ვერ გახდება ევროკავშირის წევრი მთავრობის გარეშე. ეს მხოლოდ ერთობლივად არის შესაძლებელი,“ – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურმა მინისტრმა.