საქართველო, 3.7 მილიონიანი მოსახლეობითა და 69.700 კვ. კილომეტრი ფართობით ფლობს სტრატეგიულ მდებარეობას, რამდენადაც ქვეყანა ევროპისა და აზიის გზაგასაყარზეა. საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოა, რომელსაც ჩრდილოეთით რუსეთი, სამხრეთით სომხეთი და თურქეთი და აღმოსავლეთით აზერბაიჯანი ესაზღვრება. საქართველოს დედაქალაქია თბილისი. უკანასკნელ წლებში ქვეყანაში გატარებული მნიშვნელოვანი, შორს მიმავალი რეფორმების მეშვეობით, საქართველომ მოკლე დროში უცხოური ინვესტიციებისთვის ფრიად ხელსაყრელი ადგილი დაიმკვიდრა. ამასთან, ქვეყანაში არსებული ლიბერალური შრომის კოდექსი და მოქნილი საგადასახადო პოლიტიკა უცხოური კომპანიების დაფუძნებისა და მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის მყარ საფუძველს ქმნის.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის მოქმედებს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება, რომელიც, თავის მხრივ, წარმოადგენს ასოცირების შეთანხმების ერთ-ერთ კომპონენტს. აღსანიშნავია, რომ საქართველო თურქეთთან, ჩინეთთან და დსთ-ის ქვეყნებთან სარგებლობს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმებით, ხოლო EFTA-ს წევრ-ქვეყნებთან ასევე გაფორმებულია თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. ყოველივე ეს უცხოური კომპანიებისთვის აყალიბებს კარგ საფუძველს ქართულ ბაზარზე მზარდი აქტივობის კუთხით, რათა გამოყენებულ იქნას 2.3 მილიარდიან ბაზრებზე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული უპირატესობებით სარგებლობის შესაძლებლობა.
გერმანიასა და საქართველოს შორს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები არის ინტენსიური და მრავალფეროვანი. საქართველო, მოსახლეობის სიმცირის მიუხედავად, გერმანული კომპანიებისთვის ქმნის მრავალმხრივ შესაძლებლობებს ვაჭრობისა და ინვესტიციების კუთხით. დღესდღეობით საქართველოში დაახლოებით 300-მდე გერმანული კომპანია ოპერირებს. გერმანია საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის ადგილს იკავებს. ხელშეკრულება საქართველოს რესპუბლიკასა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის კაპიტალდაბანდებათა ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ ქმნის სამართლებრივ ბაზას ეკონომიკურ სფეროში ორმხრივი თანამშრომლობისთვის. 2007 წელს საქართველოში დაარსდა გერმანული ეკონომიკური გაერთიანება, როგორც გერმანიის საგარეო სავაჭრო პალატის პარტნიორი ორგანიზაცია. გაერთიანებაში გაწევრიანებულია 170-ზე მეტი ფირმა ეკონომიკის სხვადასხვა სფეროებიდან. გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების მიზანია გერმანიას და საქართველოს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობა.
2014 წლიდან საქართველოსა და ევროკავშირს შორის ოფიციალურად ამოქმედდა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება. აღნიშნულმა ქართულ ეკონომიკას პოზიტიური იმპულსები შესძინა. თავის მხრივ, DCFTA-მ პოზიტიური გავლენა იქონია საქართველო-გერმანიის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე. გასულ წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 482.26 მლნ. $-ს მიაღწია. საქართველო გერმანიიდან ძირითადად ქიმიური ნაწარმის, ავტონაწილების, ავტომობილების, საკვები პროდუქტების და ელექტრონული ტექნიკის იმპორტს ახდენს. გერმანიაში ქართული ექსპორტი საკვებ პროდუქტებს, ქსოვილის სხვადასხვა სახეობებს და ტანსაცმელს, მსუბუქი ლითონს, ქიმიური ნაწარმს, ლითონს და რკინას მოიცავს. გერმანია საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია ევროკავშირის მასშტაბით და საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის მე-7-ე ადგილს იკავებს.
ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები:
გერმანული ინვესტიციების მოცულობა საქართველოში:
გერმანელი ვიზიტორების რაოდენობა საქართველოში: