გერმანიაში საქართველოს ელჩი, ელგუჯა ხოკრიშვილი და დესპანი, იოსებ ჩხიკვიშვილი 18 ოქტომბერს გერმანიის განათლების და კვლევის სამინისტროს წარმომადგენელს, საბინე კარლს და პროფესიული განათლების საკითხში საერთაშორისო თანამშრომლობაზე პასუხისმგებელი ფედერალური ინსტიტუტის (GOVET) უფროს მრჩეველს, ჰანელორე კრესს შეხვდნენ. მხარეებმა განიხილეს საქართველოში მიმდინარე პროფესიული განათლების რეფორმა, პრიორიტეტები და სამომავლოდ თანამშრომლობის გაღრმავების გეგმები და შესაძლებლობები. პროფესიული განათლების რეფორმის პროცესში გერმანია საქართველოს მნიშვნელოვანი მხარდამჭერი და პარტნიორი ქვეყანაა. თანამშრომლობა ითვალისწინებს პროფესიული განათლების სფეროში სწავლების დუალური ფორმის დანერგვას, ქართველ და გერმანელ ექსპერტებს შორის ინფორმაციის გაცვლის საფუძველზე გერმანული გამოცდილების გაზიარებას, მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას, განათლების პოლიტიკის ფორმირებაში ტექნიკური დახმარების გაწევას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას და პროფესიული განათლების პროგრამის ფარგლებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.