საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის შეფასებით მიუნხენის უსაფრთხოების 56-ე კონფერენციის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია აქტიურად წარმოჩინდა და მათ შორის საქართველოს საკითხი გაჟღერებული იქნა კონფერენციის მაღალი ტრიბუნიდან ისეთი მაღალი დონის მონაწილეების მხრიდან, როგორიც გახლავთ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, კონფერენციის ორგანიზატორი, რომელმაც გახსნით სიტყვაში მოიხსენია საქართველო და ა.შ. მიუნხენის კონფერენციაზე აქტიურად მიმდინარეობდა საუბარი ქვეყნის მთავარ გამოწვევაზე, რაც ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას უკავშირდება. “მიუნხენის კონფერენციაზე, ამ მაღალი ტრიბუნიდან საქართველო რამდენჯერმე გაჟღერდა სწორედ იმ კონტექსტში, რომ ჩვენი დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა საფრთხეს უქმნის მთლიანად ევროპულ უსაფრთხოებას, უკრაინასთან ერთად“  განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შავი ზღვის რეგიონისადმი მიძღვნილ პანელზე სიტყვით გამოვიდა. მინისტრმა შეხვედრები გაიმართა მათ შორის გერმანელ პოლიტიკოსებთან. გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა კლაუდია როთმა დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდგომ განაცხადა: „ჩვენ, გერმანელებმა – როგორც ევროპელებმა, უფრო ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ, ვალდებულნი ვართ მხარი დავუჭიროთ საქართველოს გამოწვევების დაძლევაში“. ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და იქ არსებულ მძიმე მდგომარეობაზე.

დავით ზალკალიანი ასევე შეხვდა დირკ ვიზეს, გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორს რუსეთის, ცენტრალური აზიის და აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში. დირკ ვიზემ მაღალი შეფასება მისცა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს ნაბიჯებს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს წარმატებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში, გერმანულმა მხარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი წინსვლა რეფორმების განხორციელების, დემოკრატიის კონსოლიდაციის და მდგრადი ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში განვითარებულ პროცესებს და ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ უმძიმეს ვითარებას.